საქართველოს ფუტსალის ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებისთვის უიღბლოდ დასრულდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელსაც ტრავმის გამო ლიდერი გიორგი ღავთაძე აკლდა, კოსოვოს ნაკრებთან 2:3 დათმო.
შეხვედრა ჯვაროსნებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ მასპინძლები დაწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს, შესვენებამდე 51 წამით ადრე, ლევან სვანიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა (2:0). თუმცა, მატჩის დასკვნით ნაწილში მეტოქემ გარდატეხის შეტანა შეძლო: 34-ე წუთიდან დრილონ მაჯარაიმ ორ წუთში დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე მეგრიმ დევრიშაიმ კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და კოსოვოს გამარჯვება მოუტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ოქტომბერს ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის შეგირდები სტუმრად, კოზენცას პროვინციის ქალაქ რენდეში იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.