ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდომ მუნდიალის სტარტზე მაროკოსთან ფრეს (0:0) შემდეგ კარლო ანჩელოტის ტაქტიკური გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენა.
ფენომენომ განსაკუთრებული ყურადღება ბარსელონას ვარსკვლავის, რაფინიას არასწორ პოზიციაზე გამოყენებასა და გუნდში არსებულ ნერვულ ფონს დაუთმო.
რაფინიას არასწორი პოზიცია და კაზემიროს შეცდომები
რონალდო, რომელიც თავის დროზე ანჩელოტის ხელმძღვანელობით მილანში თამაშობდა, გაოცებული დარჩა იმით, რომ იტალიელმა სპეციალისტმა რაფინია მოედნის მარცხენა ფრთაზე დააყენა.
„რაფინია მარცხნივ? მაშინ როცა მან ბარსელონაში საოცარი სეზონი ჩაატარა მარჯვენა ფრთაზე თამაშით? ზოგიერთი რამ უბრალოდ გაუგებარი იყო, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა“, - განაცხადა რონალდომ ESPN Brasil-ის ეთერში. მისი აზრით, ამ გადაწყვეტილებით ბრაზილიამ დაკარგა ის სიმწვავე და სისწრაფე, რაც რაფინიას კლუბში აქვს.
ლეგენდარულმა ფორვარდმა ფეხბურთელების ნერვიულობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში გამოცდილი კაზემიროც კი უჩვეულოდ ბევრ პასს აფუჭებდა. თუმცა, რონალდოს თქმით, მატჩის შემდეგ ანჩელოტისა და მოთამაშეების ინტერვიუებმა დაამშვიდა, სადაც მათ საჯაროდ აღიარეს, რომ სასტარტო მატჩის წნეხმა და ნერვებმა თავისი გაიტანა, რაც მუნდიალზე, განსაკუთრებით კი ახალბედებისთვის, ნორმალურია.
ლუის ენრიკეს ფაქტორი და მაროკოს ქება
ჰაიტისთან მომავალი მატჩის წინ რონალდო მწვრთნელს შემადგენლობის შეცვლას და მარჯვენა ფლანგზე ბოტაფოგოს ვარსკვლავის, ლუის ენრიკეს დაყენებას ურჩევს. მისი აზრით, ეს მოედანზე სივრცეებს გაათავისუფლებს, ცენტრს განტვირთავს და ვინისიუსს მეორე ფრთაზე თამაშს გაუადვილებს.
კრიტიკის მიუხედავად, ფენომენომ მაროკოს ნაკრები შეაქო, მათ ორგანიზებულ და ძლიერ გუნდს უწოდა, ანჩელოტის მიმართ კი სრული ნდობა გამოხატა:
კარლო ფენომენია, უდიდესი გამოცდილების მქონე კაცი, რომელსაც ფეხბურთელებთან საუბარი ეხერხება. დარწმუნებული ვარ, ის შეცდომებს აუცილებლად გამოასწორებს