კიურასაომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა.
დებიუტანტმა ეკვადორთან უგოლო ფრედ, 0:0 ითამაშა, სადაც ორივე გუნდს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლი არ გასულა.
კიურასაოს მეკარე ელოი რუმმა, ეკვადორის შეუჩერებელი შეტევების წინააღმდეგ 15 მოგერიება შეასრულა და „ლურჯ ტალღას“ აშკარა ფავორიტის შეჩერებაში დაეხმარა.
ამ შედეგმა ასევე E ჯგუფში გერმანიის პირველი ადგილის განაღდება გამოიწვია. ბუნდესნაკრებმა იმავე დღეს კოტ-დ’ივუარი დაამარცხა.
37 წლის როომმა, რომლის მშრალმა მატჩმა გასული წლის ნოემბერში იამაიკასთან კიურასაოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა, გერმანიასთან განცდილი 1:7 მარცხის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეკარის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა.
მის მიერ შესრულებული 15 მოგერიება მხოლოდ ერთით ჩამორჩა ოფიციალურ (1966 წლიდან) რეკორდს, რომელიც აშშ-ის ნაკრების ყოფილ მეკარე ტიმ ჰოვარდს ეკუთვნის.
ამერიკელმა 2014 წლის 1 ივლისს, ბელგიასთან მატჩში, 16 სეივი შეასრულა.
ფრე არც ერთ გუნდს არ გამოთიშავს პლეი-ოფისთვის ბრძოლას, თუმცა ეკვადორი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
კიურასაო ფილადელფიაში კოტ-დ’ივუარს შეხვდება, ხოლო ეკვადორი ნიუ-იორკში გერმანიას დაუპირისპირდება.