საფრანგეთის ნაკრების და პსჟ-ს ექს-ნახევარმცველმა, ჟერომ როტენმა, დღევანდელ ნაკრებში კილიან მბაპეს მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინის 4:0 განადგურებით საფრანგეთმა მუნდიალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, რის გამოც მბაპე აზერბაიჯანთან ჯგუფის ბოლო მატჩს გამოტოვებს და შესაბამისად, რეალის განკარგულებაში დაბრუნდება.
„უკრაინასთან მატჩის მე-80 წუთზე საკუთარ თავს ვუსვამდით კითხვას, ვინ მოიმიზეზებდა ტრავმას, რომ ბაქოში მომდევნო თამაშზე აღარ გაემგზავროს.
მბაპე ნაკრების კაპიტანია და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იღებს. თუმცა, მას ხომ გვერდით თანაგუნდელები ჰყავს?!
თქვენ ფიქრობთ, რომ მისი თანაგუნდელები, ვისაც ბაქოში მოუწევს სათამაშოდ წასვლა, არ დაიღალნენ და უნდათ ამ არაფრისმომცემი მატჩის ჩატარება? ზოგი მათგანი კლუბშიც მბაპესნაირად, ან მასზე მეტს თამაშობს. თუმცა, მათ მოუწევთ წასვლა, იმიტომ რომ იძულებულები არიან.
როცა მსგავს გადაწყვეტილებებს იღებ, ამან შესაძლოა გასახდელში პრობლემები შექმნას და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისაც ეს დამოკიდებულება მობეზრდა." - აღნიშნა როტენმა.