საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ ფრანგს ამის გაკეთება, უამინდობის გამო, ონლაინ რეჟიმში მოუწია.
"შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა არ არის.
ვიცით, რომ საქართველოს და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, ჩვენი მიზანია, ჩვენს შორის არსებული სხვაობა თამაშიდან თამაშამდე შევამციროთ. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, ხვალ მოთამაშეებს ექნებათ იმის ჩვენების სურვილი, თუ რა ისწავლეს გასული მატჩების შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან ჩატარებული ჩვენი ბოლო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება. უნდა ითამაშონ ამბიციით და შიშის გარეშე. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ კარგ თამაშზე და ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.
როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა სანიოლმა.
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან ელჩეში, მანუელ მარტინესის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე იგეგმება.