-
Aa
+
ფონტის ზომა
იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ეს შემთხვევით გააკეთა, თუმცა ინციდენტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რადგან მან რეალ მადრიდის მაშინდელი მთავარი საგანძური საფრთხის ქვეშ დააყენა.
ეს 2017 წლის მარტში მოხდა. სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც აკადემიის წევრს, მანუ ერნანდოს პირველ გუნდთან ვარჯიშის შანსი მიეცა. სწორედ მაშინ მოხდა საბედისწერო შეხება პორტუგალიელ ვარსკვლავთან.
შემთხვევით კრიშტიანუს ჩავარტყი. ნამდვილად არ მინდოდა, საერთოდ არ ვაპირებდი ფეხის ჩაყოფას, მაგრამ ერთ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთს მივუსწრებდი და ვარდნაში წავედი. მან ბურთს ჩემზე წამით ადრე შეეხო, მე კი აქილევსის მყესში მოვარტყი. კრიმინალური დარტყმა გამოვიდა. ვიფიქრე, რა შარში გავეხვიე-მეთქი. იმ წელს პირველ გუნდთან აღარ მივარჯიშია.
საბედნიეროდ, ყველაფერი მხოლოდ მცირე შიშით დასრულდა, თუმცა ბიჭი პირველ გუნდში მართლაც აღარ დაბრუნებულა. მაშინვე გავრცელდა ჭორები, თითქოს რონალდუმ და რეალ მადრიდის ხელმძღვანელობამ მისი მოკვეთის ბრძანება გასცეს. სინამდვილეში, როგორც თავად ფეხბურთელმა Cadena SER-თან ინტერვიუში განმარტა, ვარჯიშების გრაფიკი ძირითადი შემადგენლობისა და ახალგაზრდებისთვის წინასწარ იყო გაწერილი და ეს ინციდენტს არ უკავშირდებოდა.
ინციდენტის შემდეგ პრესაში იწერებოდა, რომ ბიჭმა საფეხბურთო გენიოსის წინააღმდეგ უხეშობით კარიერა დაინგრია. ამბობდნენ, რომ რეალ მადრიდის მთავარი გუნდის კარი მისთვის სამუდამოდ დაიხურა.
ერნანდომ მოგვიანებით განმარტა, რომ კლუბს ის არასდროს დაუსჯია. პირიქით, განიხილებოდა მისი ძირითად განაცხადში შეყვანაც, თუმცა 2018 წლის წინასასეზონო სამზადისის დროს მიღებულმა ტრავმამ გეგმები შეცვალა.
მანუ ერნანდო რეალ მადრიდის აკადემიას 2017 წელს შეუერთდა და იქ სამი სეზონი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ვარჯიშობდა ვარსკვლავების გვერდით, მისი კარიერა სხვა მიმართულებით წავიდა. დღეს ის რასინგ სანტანდერის ღირსებას იცავს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. მანამდე კი მან ძალები მოსინჯა კასტილიაში, პონფერადინაში, ამორებიეტასა და პორტუგალიურ ტონდელაში.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები