29 აპრილს სევილიას პროვინციული სასამართლო იმ გულშემატკივრის საქმეს განიხილავს, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ვინისიუსს არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა.
ინციდენტი 2023 წელს, რამონ სანჩეს პისხუანის სტადიონზე გამართულ მატჩში მოხდა, სადაც ერთმანეთს სევილია და რეალ მადრიდი უპირისპირდებოდნენ.
გამოძიების თანახმად, ფანი ბრაზილიელ ფეხბურთელს "მაიმუნს" უწოდებდა, აკეთებდა პრიმატებისთვის დამახასიათებელ ჟესტებს და გამოსცემდა შეურაცხმყოფელ ხმებს. პროკურატურა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულისთვის ერთ წელსა და ცხრა თვე პატიმრობას ითხოვს.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:
ის მიმართავდა ვინისიუსს განმეორებითი შეურაცხყოფით, რაც გამოხატავდა აშკარა სიძულვილს ფეხბურთელის კანის ფერის მიმართ. რასისტული ჟესტებითა და შეძახილებით მან მოთამაშეს მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფრუსტრაციის, სირცხვილისა და დამცირების განცდა, რაც პირდაპირ ლახავს ადამიანის ღირსებას.
აღსანიშნავია, რომ ეს შეურაცხმყოფელი ქმედებები უამრავი ტელემაყურებლისა და მედიის წინაშე მოხდა. მოცემულ საქმეში მხარეებად ლალიგა და რეალ მადრიდიც არიან ჩართულნი. თავის მხრივ, სევილიამ რეაგირება მყისიერად მოახდინა და აღნიშნული გულშემატკივარი კლუბიდან ფაქტის გამოაშკარავებისთანავე გარიცხა.