მადრიდის რეალის მცველები, ანტონიო რუდიგერი და ლუკას ვასკესი დაისაჯნენ.
კოპა დელ რეის ფინალის მიწურულს მადრიდელებმა მსაჯის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს - ყველაზე მეტად რუდიგერი აქტიურობდა, რომელმსაც სათადარიგოთა სკამიდან არბიტრის მიმართულებით ყინულიც ისროლა.
შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ გერმანელი დაისაჯა, რომელსაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 5 მატჩს რუდიგერი ამ სეზონში გამოტოვებს, ერთს კი - ლა ლიგის მომდევნო სეზონის პირველ ტურში.
ლუკას ვასკესს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, თუმცა სასჯელს ის მხოლოდ მომდევნო სეზონის კოპა დელ რეიზე მოიხდის, ისიც თუ რეალში დარჩა და ზაფხულში არ წავიდა, რასთანაც საკმაოდ ახლოსაა.
გასახდელისკენ მიმავალ გზაზე მსაჯმა წითელი ბარათი ბელინგემსაც უჩვენა, თუმცა ფედერაციამ ეპიზოდის ვიდეო შეისწავლა და ინგლისელის სასჯელი გააუქმა.