ოქტომბრიდან საქართველოში ახალი, მასშტაბური ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი Next Gen Cup იწყება, რომელიც 8-დან 11-წლამდე ასაკის ფეხბურთელებს გააერთიანებს.
ტურნირის ორგანიზატორმა, გიორგი სანადირაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა:
რამდენიმე მეგობართან ერთად ახალი ტურნირის ორგანიზება გადავწყვიტე. ჩვენი მიზანია, ფეხბურთში მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას
ახალი ტურნირი საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება და სხვადასხვა ასაკში რეგიონების გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც პლეიოფში ბრძოლას თბილისში განაგრძობენ და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონებს გამოავლენენ.
ტურნირი ყოველწლიური იქნება და დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდება. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა ქალაქი მაქსიმალურად იქნება ჩართული. ოქტომბერში დუშეთიდან (მცხეთა-მთიანეთის გუნდებით) აიღებს სათავეს ტურნირი, ფინალურ ეტაპს კი 2027 წლის სექტემბერში თბილისი უმასპინძლებს.
ორგანიზატორების გეგმებში ტურნირისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სამომავლოდ უცხოური კლუბების მოწვევაც შედის.