მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სერიოზული სამართლებრივი გამოწვევის წინაშე დადგა.
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ, მის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წარმოება დაიწყო.
პლატინის ადვოკატის, ოლივიე ბარატელის განცხადებით, სარჩელი ეხება ინფანტინოსა და სხვა პირების მიერ ორგანიზებულ შეთანხმებულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც 2016 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებიდან პლატინის განზრახ ჩამოშორება იყო. სარჩელში ხაზგასმულია, რომ ამ გეგმის მთავარი ინიციატორი სწორედ ჯანი ინფანტინო გახლდათ.
სკანდალი სათავეს იღებს 2015 წლიდან, როდესაც ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა (რაც მოგვიანებით CAS-მა 4 წლამდე შეამცირა) სეპ ბლატერისგან 2011 წელს მიღებული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ პლატინი და ბლატერი შვეიცარიის სასამართლომ 2022 წელს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2025 წელს სრულად გაამართლა, ფრანგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე მისი დისკრედიტაციისთვის ხელოვნურად იყო გამოყენებული. პლატინი მუდმივად აცხადებდა, რომ ეს თანხა 1998-2002 წლებში ბლატერის მრჩევლად მუშაობისთვის დაგვიანებულ ანაზღაურებას წარმოადგენდა.