უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში ბოდო/გლიმტმა ნორვეგიაში მანჩესტერ სიტის უმასპინძლა.
პირველ ტაიმში უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს. 22-ე წუთზე კასპერ ჰოგმა ანგარიში გახსნა, 2 წუთში კი ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი ოლე ბლომბერგმა მიითვალა.
მეორე ტაიმიც ნორვეგიელთა სწრაფი გოლით დაიწყო, თუმცა 52-ე წუთზე ჰაკონ ევიენის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მე-3 გოლის გატანა მაინც შეძლეს. 58-ე წუთზე იენს ჰაუგემ ბრწყინვალე გოლით ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
მალევე, მე-60 წუთზე რაიან შერკიმ საჯარიმოს გარედან დარტყმულით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მანჩესტერ სიტიმ თამაშში დაბრუნება ბოლომდე ვეღარ მოახერხა. ამის მიზეზი წითელი ბარათიც იყო, რომელიც 62-ე წუთზე როდრიმ მიიღო. ესპანელმა ორი ყვითელი ბარათი ერთწუთიან მონაკვეთში მიიღო და ქალაქელები 10 კაცით დარჩნენ.
საბოლოოდ მატჩი ნორვეგიელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა, ბოდო/გლიმტს 6 ქულა დაუგროვდა და ლაივ ცხრილში 26-ე ადგილზეა, სიტი კი ამ მომენტისთვის 13 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.