საფეხბურთო კლუბ სევილიას გარშემო მნიშვნელოვანი სიახლეა.
Cadena SER-ის გავრცელებული ცნობით, სერხიო რამოსმა ანდალუსიური კლუბის აქციონერთა ჯგუფთან მის შეძენასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ინფორმაციით, პროცესში ჩართული მისი პარტნიორი მარტინ ინკიც იქნება, რომელიც Five Eleven Capital ჯგუფში მნიშვნელოვანი ფიგურაა. სერხიო რამოსი და მისი ჯგუფი კლუბის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლიან და საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.
კლუბში უნდა ჩატარდეს დეტალური ფინანსური შემოწმება, რის შემდეგაც მიზანი საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა იქნება. პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს და რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რათა საბოლოო გადაწყვეტილება გავიგოთ.
რეალობა ის არის, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა; სერხიო რამოსმა და მისმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი შეთავაზება გააკეთეს და პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
როგორც იწერება, იმ კლუბის შესაძენად, რომელშიც რამოსს კარიერის განმავლობაში ორი სხვადასხვა პერიოდი ჰქონდა გატარებული, საწყისი შეთავაზება 450 მილიონ ევროს შეადგენს.
პირველად მან სევილიაში 2003-დან 2005 წლამდე ითამაშა და სწორედ 2005 წელს გადავიდა მადრიდის რეალში. პსჟ-ის მაისურით გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ცენტრალური მცველი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სევილიას 2023/24 წლების სეზონში შეუერთდა.
წყაროს ცნობით, სერხიო რამოსს, პერეს სოლანოსა და კლუბის აქციონერებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რომლის დროსაც რამოსის შეთავაზება და პროექტი დეტალურად იქნა წარმოდგენილი.
სევილიას მძიმე ინსტიტუციურმა მდგომარეობამ, კლუბის სუსტმა სეზონებმა და მართლაც იმედგაცრუებელმა შედეგებმა ფეხბურთელი აიძულა, თავად აეღო ინიციატივა. კლუბის ხელმძღვანელობა კრიტიკის ქვეშაა და სერხიო რამოსის მოსვლამ შესაძლოა დელ ნიდო უმცროსის წასვლაც გამოიწვიოს.