„სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა.
რეკონსტრუქციის შემდეგ ის თანამედროვე, უმაღლესი დონის არენად იქცა, რომლის შესაძლებლობებსაც მსოფლიოში ძალიან ცოტა სტადიონი თუ შეედრება.
თუმცა, განახლების შემდეგ „ბერნაბეუს“ ჯერ კიდევ არ უმასპინძლია უმაღლესი დონის დიდ საფეხბურთო ღონისძიებისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ოფიციალურად ჯერ დასრულებულად არ გამოცხადებულა.
ახლა კი ლეგენდარული სტადიონი შესაძლოა პირველი გრანდიოზული საფეხბურთო საღამოს მასპინძლობასთან ძალიან ახლოს იყოს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) მადრიდისთვის განსაკუთრებული გეგმა აქვს.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ ლოუზანმა დაადასტურა, რომ UEFA-ში შესაბამისი დოკუმენტაცია იგზავნება, რათა 2027 წლის UEFA-ს ერთა ლიგის „ოთხთა ფინალსა“ და ფინალს ესპანეთმა უმასპინძლოს.
მთავარ კანდიდატებად ორი სტადიონია შერჩეული, „ხოსე სორილია“ და „სანტიაგო ბერნაბეუ“, ხოლო უშუალოდ ფინალის მასპინძლად „ბერნაბეუა“ არჩეული.
ცხადია, ეს მადრიდის რეალისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. თუ გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდება, კლუბს შესაძლებლობა ექნება, ეს საღამო ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულად აქციოს.
ერთა ლიგის ფინალის მასშტაბის მატჩის „ბერნაბეუზე“ გამართვა სრულიად ლოგიკური იქნებოდა. ამასთან, არსებობს შანსი, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთიც მონაწილეობდეს.
იმ ფონზე, რომ ესპანეთი 2030 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ქვეყანაა, ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება, რომელ სტადიონზე უნდა ჩატარდეს მუნდიალის ფინალი.
„სანტიაგო ბერნაბეუ“, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა სერიოზული პრეტენზია აქვს ბარსელონას განახლებულ „კამპ ნოუსაც“, რომლის ტევადობაც გაიზარდა. კანდიდატებს შორის ასევე არის კასაბლანკაში მდებარე ჰასან II-ის სტადიონი.
2027 წლის ერთა ლიგის ფინალის მასპინძლობა „ბერნაბეუსა“ და მადრიდის რეალს მისცემს შესაძლებლობას, მსოფლიოს აჩვენონ, რატომ იმსახურებს ეს არენა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩატარებას.
გარკვეული თვალსაზრისით, ეს შესაძლოა RFEF-ისთვისაც იყოს შესაძლებლობა, „სანტიაგო ბერნაბეუ“ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მატჩის წინ ერთგვარ სატესტო რეჟიმში გამოსცადოს.