ფაბრიციო რომანომ იურგენ კლოპისა და მადრიდის რეალის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განმარტა.
ესპანურ მედიაში გავრცელებულმა ცნობებმა, თითქოს იურგენ კლოპი მადრიდის რეალის მომავალ მწვრთნელობაზე დათანხმდა, საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. თუმცა, ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სიტუაციაში გარკვევა გადაწყვიტა და ჭორები მიწასთან გაასწორა.
რომანომ თავის YouTube არხზე დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე კლოპსა და რეალს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. მეტიც, მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც კი არ დაწყებულა.
„რეალის ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებიც კლოპს, როგორც მწვრთნელსა და პიროვნებას, უდიდეს პატივს სცემენ. მისი ქარიზმა მადრიდში ბევრს მოსწონს, მაგრამ ეს მხოლოდ სიმპათიაა. ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,“ — განაცხადა რომანომ.
კლოპის აგენტი აცხადებს, რომ გერმანელი სპეციალისტი Red Bull-ის საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე ბედნიერია.
მადრიდული გრანდისთვის იმიჯი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ კლუბს არ სურს საჯაროდ გააკეთოს შეთავაზება და უარი მიიღოს. შესაბამისად, რეალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მოქმედებას, თუ წინასწარ ეცოდინება, რომ კლოპი მზადაა გუნდის ჩასაბარებლად.