მანჩესტერ იუნაიტედმა ანდრეი სანტოსის ტრანსფერზე ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ინფორმაციით, იუნაიტედი 48 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, რასაც ადვილად მისაღწევი ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება. ამასთან, ჩელსი ნახევარმცველის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10 პროცენტს მიიღებს.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც როგორც 6-იანის, ასევე 8-იანის პოზიციაზე თამაში შეუძლია, იუნაიტედთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ჩელსისგან ტრანსფერის დასასრულებლად გამგზავრების ნებართვაც მიიღო.
სანტოსით, რომელსაც სტემფორდ ბრიჯის კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა.
ჩელსი ბრაზილიელ ფეხბურთელს მაღალ შეფასებას აძლევს, თუმცა სანტოსს ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაში სურს, რისი შესაძლებლობაც სტემფორდ ბრიჯზე ნაკლებად ექნება მას შემდეგ, რაც მოისეს კაისედომ აპრილში კლუბთან კონტრაქტი 2033 წლამდე გაახანგრძლივა.
სანტოსი ჩელსის ბრაზილიური ვასკო და გამადან 2023 წლის იანვარში შეუერთდა. 2025/26 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.