-
Aa
+
ფონტის ზომა
კინორეჟისორმა ხუან ხოსე ლოპეს ორდონიესმა ვესტ ჰემის ნახევარმცველი დაადანაშაულა იმაში, რომ 2024 წლის ნოემბერში, მექსიკაში, მისი გატაცების ორგანიზებაში მონაწილეობდა.
ორდონიესის მტკიცებით, ის ორმა ადამიანმა გაიტაცა, ისინი ემუქრებოდნენ, თვალები აუხვიეს, შეიარაღებულები იყვნენ და კისერში შპრიცი გაუკეთეს.
ორდონიესი ასევე ამტკიცებს, რომ ალვარესს მისი 3.5 მილიონი პესო (206 000 დოლარი) მართებს მას შემდეგ, რაც მექსიკის ნაკრების ფეხბურთელთან ერთად დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა.
პროდიუსერის თქმით, ანაზღაურება პირველად 2024 წელს მოითხოვა და ამასთანავე კონფლიქტი ჰქონდა ალვარესის ოჯახთან იმ ქონების გამო, რომელიც, მისი მტკიცებით, მას ეკუთვნოდა.
მან ეს ბრალდებები მექსიკურ გამოცემა TVNotas-თან ინტერვიუში გააჟღერა.
ალვარესი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი გუნდი სამართლებრივ ზომებს მიიღებს ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მის მიმართ „ცრუ ბრალდებებს“ გაავრცელებს.
28 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნა:
„ბოლო პერიოდში გავრცელებული პუბლიკაციებისა და განცხადებების ფონზე, საჭიროდ მიმაჩნია, ამ საკითხზე მკაფიოდ და მტკიცედ ვისაუბრო.
კატეგორიულად უარვყოფ ნებისმიერ ბრალდებას ან მცდელობას, ჩემი სახელი დაუკავშირონ მოვლენებს, კონფლიქტებსა თუ ქმედებებს, რომლებთანაც საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი სახელი და იმიჯი არაერთხელ გამოიყენეს იმ სიტუაციის მიმართ მეტი მედია ყურადღების მისაპყრობად, რომელსაც ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.
აქამდე პასუხის გაცემისგან თავს ვიკავებდი. თუმცა, ყველაფერს აქვს ზღვარი და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩემთვის მსგავსი საკითხების ცოდნის, პასუხისმგებლობის ან მათში მონაწილეობის მიწერა ამ ზღვარს აშკარად სცდება.
თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი მხრიდან რაიმე სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს, არსებობს შესაბამისი ორგანოები, პროკურატურა და სასამართლო, სადაც მისი წარდგენა შეუძლია.
სერიოზული ბრალდებები მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული და შესაბამის ორგანოებს წარედგინოს და არა მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებების სახით, სადაც სიზუსტესა და სიმართლეზე წინ სენსაციები და მედია ყურადღება დგას.
არ დავუშვებ, რომ ჩემი სახელი მესამე პირებს შორის კონფლიქტის გასაღვივებლად ან მედია ყურადღების მოსაპოვებლად გამოიყენონ.
შესაბამისად, გაკეთებული განცხადებების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩემს იურიდიულ გუნდს დავავალე, შეაფასოს სიტუაცია და შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიიღოს ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ჩემ შესახებ ცრუ ბრალდებებს გააკეთებს ან გაავრცელებს.
ასევე მსურს მკაფიოდ განვაცხადო იმ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემს ამ საკითხთან დაკავშირებას ჩემი ყოფილი პარტნიორის მამის მეშვეობით ცდილობდნენ: ჩემი საქმე არ არის მესამე პირებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება, უარყოფა ან კომენტირება, თუმცა ჩემი პასუხისმგებლობაა, ერთი რამ სრულიად ნათლად განვაცხადო, გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები