ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს.
იტალიელმა სპეციალისტმა ბიანკონერისთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
„ძალიან გვიხარია, რომ ლუჩიანოს კონტრაქტი კიდევ ორი სეზონით გავახანგრძლივეთ,“ - განაცხადა „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დამიენ კომოლიმ.
„მას შემდეგ, რაც ლუჩიანო ჩვენს დიდ ოჯახს შეუერთდა, მან დაუყოვნებლივ და ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა როგორც ფეხბურთელებზე, ისე მთელ კლუბსა და ბიანკონერის საზოგადოებაზე. თავიდანვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ლუჩიანო სწორი ადამიანია, რომელიც გუნდს განვითარების გზაზე უნდა გაუძღვეს.
მისი ამბიციური სათამაშო სტილი ასახავს ჩვენი გულშემატკივრებისა და კლუბის მოლოდინებს, ხოლო მისი ღირებულებები ჩვენს იდენტობას გამოხატავს.
ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლობა გავაგრძელოთ თავდაპირველად შეთანხმებული კონტრაქტის ვადის მიღმაც, რადგან გვჯერა, რომ სტაბილურობა და უწყვეტობა მომავალი წარმატების ორი მნიშვნელოვანი საყრდენია. წარმატებები, მისტერ! Fino alla Fine.“ - დაამატა კომოლიმ.