ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურის მატჩი, ბენფიკასა და რეალ მადრიდს შორის, სუპერ დრამატული გამოდგა - ლისაბონელებმა შემდეგი ეტაპის საგზური ბოლო წამებზე, მეკარე ანატოლი ტრუბინის მიერ გატანილი გოლით მოიპოვეს.
ჟოზე მოურინიოს გუნდს მატჩის დაწყებამდე შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა და პარალელური რამდენიმე მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული.
ყველა შეხვედრა დასრულებული იყო, როცა ბენფიკა 3:2-ს იგებდა და გაირკვა, რომ პლეი-ინში მოსახვედრად კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა - 98-ე წუთზე, ანატოლი ტრუბინი სტანდარტულისას წინ წავიდა, თავური დარტყმით გაიტანა და ლისაბონელებს მომდევნო რაუნდში თამაშის უფლება მოაპოვებინა.
ტრუბინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-5 მეკარეა, ვინც გოლი გაიტანა - ჰანს-იორგ ბუტის, სინან ბოლატის, ვენსან ენიეამასა და ივან პროვედელის შემდეგ. კონკრეტულად თავით გოლის მხრივ კი მე-3 მეკარეა - ბოლატი და პროვედელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეალ მადრიდი ტოპ 8 გუნდს მიღმა დარჩა და მასაც პლეი-ინში თამაში მოუწევს. ირონიულია, რომ 1/8 ფინალის საგზურისთვის ბრძოლა, შესაძლოა, ისევ ბენფიკას წინააღმდეგ მოუწიოს. ბენფიკა რეალს ან ინტერს შეხვდება - ჟოზე მოურინიო ნებისმიერ შემთხვევაში ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.