ურუგვაელმა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ესპანეთისა და ურუგვაის მატჩის წინ მუნდო დეპორტივოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
39 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ინტერ მაიამიში ლიონელ მესისთან ერთად ასპარეზობს, ისაუბრა როგორც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინებზე, ისე ლამინ იამალსა და ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე.
ლამინ იამალის ფენომენი
სუარესმა იამალის განსაკუთრებულ ნიჭს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა შემტევი მსოფლიო ჩემპიონატზე პასუხისმგებლობას თავს შესანიშნავად ართმევს. ლუისმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ იამალის მესისთან პირდაპირი შედარებისგან:
ეს შედარებები არასასიამოვნოა. ისინი სხვადასხვა ფეხბურთელები არიან. დიახ, ორივეს აქვთ შესანიშნავი მარცხენა ფეხი და მაღალი კლასი, მაგრამ სრულიად განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. იმედი ვიქონიოთ, რომ ლამინი მინიმუმ ლიონელ მესის დონემდე მიაღწევს.
ლიონელ მესის გამძლეობა
სუარესმა უარყო მოსაზრება, რომ თითქოს მესი ასაკში შევიდა და მისი ვარსკვლავური დრო დასრულდა:
ხალხი ფიქრობდა, რომ ის დაბერდა, მაგრამ ლეოს კვლავ აქვს იმის დაუოკებელი სურვილი, რომ დარჩეს საუკეთესო. ის ძალიან ჭკვიანია და ზუსტად იცის, როდის უნდა აჩქარდეს. მისი პროფესიონალიზმი მისაბაძია.
ბარსელონას სატრანსფერო გეგმები და ხულიან ალვარესი
როდესაც საუბარი ბარსელონას ინტერესს შეეხო ხულიან ალვარესის მიმართ, სუარესმა დაადასტურა, რომ არგენტინელი ბლაუგრანას იდეალურად მოერგებოდა:
ხულიანი ძალიან ინტელექტუალური და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. ის ბარსელონაში მაშინვე ადაპტირდება ყველაფერთან. სიტუაცია გართულებულია, რადგან ის ატლეტიკოს მსგავს დიდ კლუბშია.
სუარესმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა, როცა ლივერპულიდან წასვლა სცადა, მაგრამ სტივენ ჯერარდმა დარჩენაში დაარწმუნა. მისი თქმით, ხანდახან მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელს აზრი შეაცვლევინოს. სუარესმა აღნიშნა, რომ თუ შემდეგ მოედანზე ყველაფერს დადებ, გულშემატკივარი კვლავ შეგიყვარებს.
ჰანსი ფლიკის ბარსელონა
სუარესი მოხიბლულია ჰანსი ფლიკის მუშაობით:
ბარსელონა შთამბეჭდავად გამოიყურება. ყველა ამბობდა, რომ მაღალი დაცვის ხაზი და ინტენსიური პრესინგი პრობლემებს შეუქმნიდათ, მაგრამ ისინი ამას წარმატებით ახერხებენ. ფლიკი არის მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებთან ძალიან გულწრფელი და ღიაა, რაც ბარსელონას მსგავს კლუბში გადამწყვეტია.
ინტერვიუს ბოლოს სუარესმა ჰარი კეინიც შეაქო, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხრიანი, ხოლო დარვინ ნუნიესს ურჩია, ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს, რათა თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.