რაიო ვალეკანოს ფეხბურთელებმა ვალეკასის ადგილობრივი თემის მიმართ საოცარი ერთგულება და სოლიდარობა გამოიჩინეს.
გუნდი მომავალ კვირას, გერმანიაში, კონფერენს ლიგის ფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდება, რაც ამ პატარა ესპანური კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
სოციალურ ქსელებში განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც გაირკვა, რომ კომპანიამ, რომელიც ფანებს ლაიფციგში მგზავრობასა და ბილეთებს 250 ევროდ ჰპირდებოდა, გულშემატკივრები მოატყუა და ფული გამოსძალა. დაზარალებულმა ფანებმა დახმარებისთვის მებრძოლი კლუბის მოთამაშეებს მიმართეს.
გუნდის კაპიტნის, ოსკარ ვალენტინის რეაგირების შემდეგ, ფეხბურთელებმა დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი ფული გადარიცხეს. მეკარე დანი კარდენასმა ფონდში 400 ევრო შეიტანა, მარჯვენა მცველმა ანდრეი რაცუმა - 1 000 ევრო, ხოლო თავდამსხმელმა სერხიო კამელიომ ფანებს 2 000 ევრო გადაურიცხა.
ეს ამ კვირაში რაიო ვალეკანოს გულშემატკივრების გარშემო მომხდარი თაღლითობის ერთადერთი შემთხვევა არ არის. მანამდე ცნობილი გახდა 80 წლის ფანის, ენრიკეს ისტორია, რომელიც ასევე მოატყუეს. თუმცა, სხვა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში სპეციალური კამპანია წამოიწყეს და სულ რაღაც ორ საათში შეაგროვეს საჭირო 1 034 ევრო, რათა ხანდაზმული მამაკაცი გერმანიაში ჩარტერული რეისით გამგზავრებულიყო.