გასულ კვირას დანი კარვახალის წასვლის დადასტურების შემდეგ, მადრიდის რეალმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდს კიდევ ერთი ვეტერანი მცველი, დავიდ ალაბაც ტოვებს. ავსტრიელი ფეხბურთელისთვის მადრიდული კარიერის ბოლო აკორდი ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ გასამართი მატჩი იქნება.
„მადრიდის რეალი და დავიდ ალაბა შეთანხმდნენ, რომ ჩვენს კლუბში მისი ფეხბურთელის სტატუსით ყოფნა მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდება. კლუბს სურს მადლიერება და სიყვარული გამოხატოს მოთამაშის მიმართ, რომელიც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქის შემოქმედად იქცა“, - ნათქვამია ბლანკოსის ოფიციალურ განცხადებაში.
ალაბა რეალს 2021 წელს, ბაიერნ მიუნხენთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის მალევე იქცა გუნდის ნამდვილ ლიდერად და უდიდესი როლი ითამაშა 2021/22 წლების ტრიუმფალურ სეზონში, როდესაც გუნდმა ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
მომდევნო წლებიდან ავსტრიელს ტრავმებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რამაც მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შეამცირა. მიუხედავად ამისა, ის გასახდელში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად რჩებოდა. ალაბა მადრიდს 131 ჩატარებული მატჩითა და 11 მოგებული ტიტულით (მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგითა და 2 ესპანეთის ჩემპიონობით) ემშვიდობება.
კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ალაბას მადრიდული მემკვიდრეობა განსაკუთრებით გამოყო და გაიხსენა ის სიმბოლური მომენტი, როდესაც მე-14 ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალ გზაზე ფეხბურთელმა გამარჯვება თეთრი პლასტმასის სკამის ჰაერში აწევით აღნიშნა:
დავიდ ალაბამ თავისი თავდადებითა და შრომით მადრიდისტების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მისი საკულტო იმიჯი ჩვენი მე-14 ევროპული თასისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, უკვე კლუბის ისტორიის ნაწილია. მადრიდის რეალი ყოველთვის იქნება მისი სახლი.