დღეს, 23 ნოემბერს სავაჭრო ცენტრ თბილისი ცენტრალში UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის სახელობის შერეული ორთაბრძოლების აკადემია (Merab MMA Academy) ოფიციალურად გაიხსნა.
აკადემიაში თანამედროვე სტანდარტების საბრძოლო გალია, საჭიდაო სივრცეები, ტრენაჟორები, ასევე კრივისა და კიკბოქსინგის სავარჯიშო ზონები მოეწყო. სპორტსმენების მომზადების პროცესში MMA-ს, ჯიუ-ჯიცუსა და სხვა საბრძოლო ხელოვნებების მწვრთნელები ჩაერთვებიან.
მერაბ დვალიშვილის მთავარი მიზანი საქართველოში მაღალი დონის სავარჯიშო ბაზის შექმნაა, სადაც მომზადებას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალი სპორტსმენები შეძლებენ.
აკადემიის კარი პროფესიონალი მებრძოლებისთვის ღია იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სავარჯიშო კლუბს წარმოადგენენ ისინი.
აკადემიაში ვარჯიშის მსურველთა რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება და სავარჯიშო პროცესში ჩართვა 10 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი.