არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
განახლებადი სტატია
24 ივნისი
არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაზე ისაუბრა.
"მისი ჩამოწერა არ შეიძლება, რადგან ის საშიშია. მას UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ფინიში აქვს, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ბევრჯერ ვყოფილვარ ვოლკანოვსკისთან და მაქს ჰოლოუეისთან. არავის შეეძლო მათი დამარცხება და გათიშვა. მათ თავში ყოველთვის უტრიალებდათ: "მე ამას და იმას შევხვდი და ვერავინ გამთიშა." შენ არასდროს გიჩხუბია ჩემნაირ მებრძოლთან.
ამას დიდი ხანია ვამბობ. უნარების განვითარება, რომელიც ამ სპორტში შემომაქვს, მათ არასდროს უნახავთ. ეს მოხდება ჩარლზთანაც. ის ფიქრობს, რომ შანსი აქვს, სინამდვილეში კი არ აქვს. ერთადერთი რამ, რაც უნდა გააკეთოს, უნდა გამოცხადდეს, დანარჩენს კი მე მივხედავ." - განაცხადა თოფურიამ.
20 ივნისი
ნევადას შტატის კომისიამ 29 ივნისს ლას ვეგასში გასამართი ღონისძიების მსაჯები დაამტკიცა. ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლას მარკ გოდარდი განსჯის. შემფასებელი მსაჯები კი დერეკ კლერი, სალ დ'ამატო და კრის ლი იქნებიან.
ილია თოფურიამ UFC 317-ის წინ მედიასთან ისაუბრა და მოსამზადებელი კემპი შეაფასა.
"ჩემი მოსამზადებელი კემპებიდან ყველაზე ბედნიერი ახლა ვარ წონის კლების გამო. მთელი პროცესისგან სიამოვნება მივიღე და მზად ვარ. ვერც კი წარმოიდგენთ იმას, რასაც 29 ივნისს იხილავთ. ყველაფერი შეიცვალა, რადგან საბოლოოდ ეს 10 ფუნტი დიდ განსხვავებას ქმნის. აქამდე 12 კვირით ადრე ვიწყებდი წონის კლებას.
სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებდი, რადგან პროფესიონალი უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი მთლიანი პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ და ბედნიერი ვარ.
თუ ჩარლზი დავაზიანე, მას დაბრუნების შანსი არ ექნება. ჩემი ძალა სხვებისგან საგრძნობლად განსხვავებულია." - განაცხადა თოფურიამ მოახლოებული ბრძოლის წინ.
16 ივნისი
ცნობილი გახდა თუ ვინ დააზღვევს ბრძოლას, თუ რომელიმე მებრძოლი ღონისძიებას ჩაეხსნა. არმან ცარუკიანმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლის დამზღვევი სწორედ ის იქნება. ცარუკიანი მსუბუქი დივიზიონის ტიტულისთვის იანვარში, UFC 311-ზე ისლამ მახაჩევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა არმანი ბრძოლას ჩაეხსნა.
13 ივნისი
ჩარლზ ოლივეირას მიაჩნია, რომ ილია თოფურიაზე ძლიერი დარტყმა აქვს.
„ილია ქვემსუბუქი წონიდან არის მოსული, ამიტომ მსუბუქი წონის დივიზიონის ხალხს პატივი უნდა სცეს. რა თქმა უნდა, მე მასზე ძლიერი დარტყმა მაქვს." - აღნიშნა ოლივეირამ.
ილია თოფურიას თქმით, ჩარლზ ოლივეირა მისთვის იდეალური სტილის მებრძოლია.
„ჩარლზი დიდებული მებრძოლია. მე ვიტყოდი, რომ ლეგენდარულიც კი, როგორიც დღეს UFC-ში ძალიან ცოტაა. თუმცა, სიმართლე ის არის, რომ მისი სტილი იდეალურია იმისთვის, რომ პირველივე რაუნდში დავაძინო. მას მოქნილობა არ აქვს, ის არ მოძრაობს." - აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.
11 ივნისი
მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას მოახლოვებული ბრძოლა შეაფასა.
„ჩარლზ ოლივეირასთვის ილია თოფურიას დამარცხება შეუძლებელია. ყველამ ვიცით, დგომში ილია რა ძლიერია, როგორი დარტყმები აქვს და თუნდაც მიწაზე, ილიასაც ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიცუ აქვს და საითაც არ უნდა წავიდეს ბრძოლა, ილიას უპირატესობა იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ის გატეხავს და ნოკაუტით მოიგებს.
ვფიქრობ, დგომში წავა ჩხუბი, იმიტომ რომ ილია ძალიან ჭკვიანია, ძლიერია, ძალიან ახალგაზრდაა და არ არსებობს, რომ წააგოს. ამ ბრძოლას ილია მოიგებს დარწმუნებული ვარ." - აღნიშნა დვალიშვილმა apeople-ის ოფისში ვიზიტის დროს.
5 ივნისი
MMA-ის ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ ილია თოფურიას მომავალ შესაძლო მეტოქეზე ჰკითხა.
- არმან ცარუკიანმა თქვა, რომ მას შეუძლია ბრძოლის (თოფურია-ოლივეირა) დამზღვევი იყოს. ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ვის წინააღმდეგ გინდა, რომ ქამარი დაიცვა? პადი პიმბლეტის თუ ის ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს თუ არმან ცარუკიანის?
"წარმოდგენა არ მაქვს, მე 28 ივნისს იქ ვიქნები. ჯერ ისლამი უნდა ყოფილიყო, მერე ჩარლზი, თუ ისიც არ იქნება, შემდეგ არმანი. შედეგი კი ყველასთვის ერთი იქნება. მე გავიმარჯვებ." - განაცხადა თოფურიამ.
22 მაისი
ჩარლზ ოლივეირამ თქვა, რომ ის UFC 317-ზე ილია თოფურიას გათიშავს.
"ეს დიდებული ჩხუბია და ის დიიდებული მებრძოლია, მაგრამ არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი თუ ვინ ვარ. ეს ბრძოლა უდიდესი შესაძლებლობაა. მე მას გავთიშავ. ეს ნამდვილად მოხდება." - ბრაზილიელის სიტყვებს Full Violence ავრცელებს.
20 მაისი
ალექსანდრე თოფურიამ მისი ძმის, ილიას მომდევნო ორი ბრძოლისთვის იდეალური სცენარი დაასახელა.
"იდეალური სცენარი იქნებოდა, რომ ილიამ მოიგოს, ისლამმაც მოიგოს ქვესაშუალო წონის ქამარი და შემდეგ ილიამ მესამე ქამრისთვის იბრძოლოს. ისტორიული იქნება." - განაცხადა ალექსანდრემ.
15 მაისი
ილია თოფურიაამ მის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირაზე ისაუბრა.
"პირველ რიგში, მინდა ჩარლზს მადლობა გადავუხადო გამოწვევის მიღებისთვის. ეს ისლამს არ გაუკეთებია და მან ისლამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. გულწრფელად, ჩარლზის გამო ვწუხვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩემი საქმეა." - განაცხადა თოფურიამ.
"ჩარლზ ოლივეირას ყველაზე მეტი საბმიშენი აქვს UFC-ში და შენ თქვი, რომ მახაჩევს მოუგებდი საბმიშენით. ოლივეირასთანაც ამ მეთოდით მოიგებ?" - ჰკითხა ჟურნალისტმა ილიას.
"არ ვიცი. ოლივეირას შემთხვევაში სიმართლე ის არის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მინდა მისი დამარცხება, რადგან მე ის ძალიან მომწონს." - უპასუხა მატადორმა.
ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა.
„ოლივეირა თითქმის ყველა ბრძოლაში ეცემა, ილია კი მეტოქეებს ამტვრევს. თუ ჩარლზსაც ისე მოარტყამს, როგორც ეს სხვა დანარჩენებთან გააკეთა, ბრაზილიელს ცუდი საღამო ელის." - აღნიშნა სუპერმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონმა.
14 მაისი
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ინსტაგრამის პირდაპირ ჩართვაში მომავალი სატიტულო ბრძოლები დაადასტურა. მისი თქმით, მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.
მახაჩევის ვაკანტური ქამრისთვის კი ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ. დაპირისპირება საერთაშორისო საბრძოლო კვირეულის ფარგლებში UFC 317-ზე, 29 ივნისს გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების თანამთავარი ბრძოლა ასევე საჩემპიონო იქნება. უმსუბუქესი წონის ქამარს ალექსანდრე პანტოჟა კაი კარა-ფრანსის წინააღმდეგ დაიცავს.
თაზო ჩარკვიანი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები