2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანელ პილოტს უკვე უწევს 2028 წლისთვის აუდიში გადასვლის შესაძლებლობის განხილვა.
მიუხედავად იმისა, რომ მერსედესი კვლავაც განაგრძობს კიმი ანტონელის განვითარებას, რასელისთვის ახალგაზრდა იტალიელთან ერთად გუნდის გაზიარებამ მისი მომავლის შესახებ კითხვები გააჩინა.
ვოლფმა Sky Sport Germany-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ანტონელის დრო სჭირდება პროგრესისთვის, ხოლო ვერსტაპენი ამჟამად თავისი შესაძლებლობების პიკზე მყოფი მრბოლელია.
ვოლფმა თქვა:
„კიმის განვითარებისთვის დრო უნდა მივცეთ. მაქსი თავისი შესაძლებლობების პიკზეა და შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს. ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და სხვადასხვა თაობას წარმოადგენენ. მათი ერთ გუნდში ყოფნა სრულიად განსხვავებულ საწყის პირობებს შექმნიდა.“
მერსედესის ხელმძღვანელს არ აშინებს ორი სუპერვარსკვლავის ერთ გუნდში მართვა. მან მაგალითად ლუის ჰამილტონისა და ნიკო როსბერგის პერიოდი მოიყვანა.
ეს არ მაშინებს. როსბერგისა და ჰამილტონის დროს გაცილებით რთულ სიტუაციებთან მქონდა საქმე. ვფიქრობ, დღეს ამას კიდევ უკეთ გავუმკლავდებოდი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი შემდეგი განცხადება იყო:
„არ გვეშინია, რომ მომავალში, ადრე თუ გვიან, ორივე მრბოლელი ერთ გუნდში გვყავდეს.“
ვოლფის ამ კომენტარებს მოჰყვა საუბარი რასელის შესაძლო მომავალზე აუდიში. ჰაასის ყოფილი ხელმძღვანელი გიუნტერ შტაინერი Motorsport.com-თან ინტერვიუში ვარაუდობს, რომ 2028 წელს აუდი შესაძლოა საინტერესო არჩევანი გახდეს მერსედესის ბრიტანელი მრბოლელისთვის.
შტაინერის თქმით, თუ აუდიში ადგილი გათავისუფლდება, ამ პროექტით არაერთი ცნობილი პილოტი დაინტერესდება.
„კარლოსი (საინსი) - ნამდვილად. ვფიქრობ, ჯორჯიც უკვე სხვა ვარიანტებს აკვირდება, რადგან ახლა კიმისთან ერთადაა.“
შტაინერის აზრით, რასელსა და ანტონელის თანაგუნდელობამ შესაძლოა ბრიტანელი აიძულოს, კარიერის გასაგრძელებლად სხვა შესაძლებლობები მოძებნოს.
„მას არ სურს მთელი კარიერის განმავლობაში კიმის თანაგუნდელი იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე იცის, სად იქნება მომავალშიც. ამიტომ ახალი შესაძლებლობების ძიებას ცდილობს.“
ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ რასელი მერსედესს დატოვებს, თუმცა ეს სცენარი სულ უფრო საინტერესო ხდება.
თუ მომავალში გერმანული გუნდი მაქს vერსტაპენის ანტონელის პარტნიორად მიყვანას გადაწყვეტს, ჯორჯ რასელი 2028 წლის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მრბოლელი იქნება.
ვერსტაპენისა და მერსედესის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ნიდერლანდელი პილოტი და ტოტო ვოლფი სარდინიაზე დასვენებისას ერთად შეამჩნიეს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

