საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შესაძლოა იმავე ბედს იზიარებდეს, რაც თავის დროზე მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას, პოლ სქოულზს ეწია.
საუბარია "დაკარგულ ტალანტზე" ეროვნულ გუნდში, სადაც მწვრთნელები ვერ პოულობენ გზას მსოფლიო დონის მოთამაშის გამოსაყენებლად.
გულშემატკივართა ნაწილი გაკვირვებულია ტომას ტუხელის გადაწყვეტილებით, რომელიც ტრენტს ნაკრებში არ იძახებს. მაშინაც კი, როცა დაცვის ხაზში ტრავმების გამო კადრების დეფიციტია, გერმანელი სპეციალისტი უპირატესობას სხვა მოთამაშეებს ანიჭებს. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა ალექსანდერ-არნოლდმა რეალ მადრიდში ადგილი დაიმკვიდრა და თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
ბევრი პარალელს ავლებს პოლ სქოულზთან, რომელიც ინგლისის ნაკრების ფრთხილმა და რისკისგან თავშეკავებულმა მწვრთნელებმა ფაქტობრივად გაფლანგეს. სქოულზს ხშირად მისთვის უჩვეულო პოზიციებზე ათამაშებდნენ, რამაც საბოლოოდ მისი სანაკრებო კარიერის ნაადრევი დასრულება გამოიწვია. შიშობენ, რომ ტრენტის შემთხვევაშიც ისტორია მეორდება, ინგლისს ჰყავს უნიკალური უნარების მქონე ფეხბურთელი, თუმცა მისი რესურსი სრულიად გამოუყენებელი რჩება.
იურგენ კლოპი ჯერ კიდევ წლების წინ აკრიტიკებდა გარეთ საუთგეიტს, როცა ეს უკანასკნელი ტრენტს ნახევარდაცვაში ათამაშებდა: "რატომ უნდა ათამაშო მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი ნახევარდაცვაში?" – კითხულობდა გერმანელი. დღეს კი კითხვა სხვანაირად ისმის: რატომ არ არის საერთოდ გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის ერთპიროვნულად შეცვლა შეუძლია?