მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა პიოტრ იანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ დაზიანება ჰქონდა, საერთოდ ბრძოლას არ უნდა დათანხმებოდა, ამაზე ახლა აპელირება კი არასწორია.
"პიოტრ იანმა ბრძოლა ჩაანიშნინა და უცებ გაიგო, რომ 50%-ით არის მზად? რატომ გვესმის ამის შესახებ ახლა, ორწელიწად-ნახევრის შემდეგ? ძალიან მომბეზრდა ყველა მებრძოლის ნათქვამი "დავშავდი", მაშინ ბრძოლის გამოწვევას ნუ მიიღებ. თუ ნეკრები ისე გაქვს დაზიანებული, რომ წაგების შემთხვევაში ყველაფერს ამას დააბრალებ, მაშინ საერთოდ რატომ ჩხუბობ?! ნუ იბრძოლებ, უბრალოდ პირი დახურე და ის გააკეთე, რაც უნდა გააკეთო.
კარგი, თუ ასეა, მეც გეტყვით, რომ იანთან პირველი ბრძოლისას დაზიანებები მერაბსაც ჰქონდა. მისი ხელი ფეხბურთის ბურთის ზომის იყო, ხელთათმანი ძლივს ჩაიცვა. ხელი მოტეხილი ჰქონდა! ამაზე სიტყვასაც ვერასდროს გაიგებდით და ის მაინც აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა", - განუცხადა ვუდმა MMA Fighting-ს.
დვალიშვილი და იანი ერთმანეთს 2023 წლის 11 მარტს შეხვდნენ - ქართველმა რუსს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. იანი მას შემდეგ ოქტაგონზე 3-ჯერ გამოვიდა და სამივე ბრძოლა მოიგო - იანდონთან, ფიგეირედოსთან და მაკგისთან. პიოტრს UFC-ში 19 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, მერაბის ბალანსი 21:4-ზეა.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის რიგით მე-2 ბრძოლა 6 დეკემბერს, UFC 323-ზე შედგება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება - ქართველი მანქანა ქამრის მეოთხედ დაცვას შეეცდება.