ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში შვედეთთან 5:1 მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი საბრი ლამუში დაითხოვა და მის ნაცვლად ფრანგი სპეციალისტი ერვე რენარი დანიშნა.
ლამუში, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გათავისუფლებული მწვრთნელი გახდა, იანვარში დაინიშნა და კონტრაქტი 2028 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.
ის გუნდს იაპონიასთან შაბათს გასამართი შეხვედრისა და 25 ივნისს ნიდერლანდებთან მატჩის წინ ტოვებს.
ლამუშის ხელმძღვანელობით ტუნისმა 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - მარტში ჰაიტის 1:0 დამარცხებით. ამასთან, ივნისში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეხვედრებში ავსტრიასთან 1:0 დამარცხდა, ხოლო ბელგიასთან გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0, წააგო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნა, რომ რენარი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.
„შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კონკრეტულ სპორტულ მიზნებზე იქნება დაფუძნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის სახელმწიფო მაუწყებელმა Television Tunisienne-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რენარი სამშაბათსვე ჩავა მონტერეიში და ნაკრებს შეუერთდება.
აფრიკის ერთა თასის ორგზის გამარჯვებული ერვე რენარი საუდის არაბეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში და ჯგუფურ ეტაპზე მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.
შემდეგ ის საფრანგეთის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გუნდს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელა, რის შემდეგაც საუდის არაბეთის მამაკაცთა ნაკრებს დაუბრუნდა და ზედიზედ მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ის გუნდში ბერძენმა სპეციალისტმა, გიორგიოს დონისმა, შეცვალა.
ერვე რენარმა 2012 წელს აფრიკის თასი ზამბიის ნაკრებს, ხოლო 2015 წელს კოტ დ'ივუარს მოაგებინა.