2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადამწყვეტი მატჩების ჯერი დგება - თურქეთი და საქართველო E ჯგუფის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის ემზადებიან.
ესპანეთი, სავარაუდოდ, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ეს მატჩი, მეორე ადგილისთვისა და პლეი-ოფის საგზურისთვის, შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
თურქეთი - ბოლოდროინდელი ფორმა, შედეგები და დანაკლისი
თურქეთის ნაკრებს ბოლო მატჩებში არაერთგვაროვანი შედეგები აქვს - ჯერ ესპანეთთან სახლში 0:6 წააგეს, 3 დღის წინ კი ბულგარეთთან ამდენივე გოლი უკვე თავად გაიტანეს (6:1) და ჯგუფში მდგომარეობა საგრძნობლად გამოიკეთეს.
თურქებს უბრუნდებათ ბარიშ ალპერ ილმაზი, რომელიც სწორედ საქართველოსთან გააძევეს და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. სამაგიეროდ, შეკრება დროზე ადრე, ტრავმების გამო, დატოვეს ფენერბაჰჩეს შემტევებმა - ირფან ჯან კაჰვეჯიმ და ჯენკ ტოსუნმა.
საქართველო - ბოლოდროინდელი ფორმა, შედეგები და დანაკლისი
საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ესპანეთთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალხარისხიანი, უინიციატივო და გაუმართავი თამაში ჰქონდა. ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე მიანიშნა, რომ აქცენტები თურქეთთან შეხვედრაზე იყო გადატანილი, რისი დასტურიც ლიდერების დროზე ადრე გაყვანაც იყო. ახლა მთავარია, გუნდმა რეაბილიტაცია შეძლოს და უმნიშვნელოვანეს მატჩს სათანადო მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდეს.
ჩვენს გუნდს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ეგიდით, ბოლო 40 თამაშში მხოლოდ 3 მოგება აქვს, 13 ფრესთან და 24 წაგებასთან ერთად.
ლუკა ლოჩოშვილმა ესპანეთთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა და ქოჯაელში სანიოლის განკარგულებაშია. ჩვენი ერთადერთი დანაკლისი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია და ინდივიდუალური მომზადება გასულ კვირას განაახლა.
ურთიერთშეხვედრები და მნიშვნელოვანი სტატისტიკები
* თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთთან მე-8 მატჩს გამართავენ - 5-ჯერ თურქებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ქართველების აქტივშიც 1 გამარჯვებაა (2007 წელს, ამხანაგურ მატჩში, დავით სირაძის გოლით - 1:0);
* თურქეთის ნაკრებს ბოლო 8 ოფიციალურ საშინაო მატჩში ერთადერთი წაგება აქვს - ესპანეთთან, დანარჩენი 7 თამაშიდან 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს - უელსთან და სომხეთთან;
* თურქეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე ბოლო 14-დან 12 გოლი მატჩების მეორე ტაიმში აქვს გატანილი;
* თურქეთის ნაკრების მონაწილეობით, ბოლო 10-დან 8 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა;
* თურქეთის ნაკრების მონაწილეობით, ბოლო 3 მატჩში 18 გოლი გავიდა - საქართველოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან;
* თურქეთის ნაკრებს ბოლო 8 მატჩია ფრედ არ უთამაშია - 5 მოგება და 3 წაგება;
* საქართველოს ნაკრებს გასვლაზე ფრედ უკვე 14 მატჩია არ უთამაშია - 7-7 მოგება-წაგება;
* საქართველოს ნაკრებმა ბოლო 7 მოგებულიდან 5 მატჩი ისე დაასრულა, რომ გოლი არ გაუშვია;
სავარაუდო შემადგენლობები
თურქეთი (4-2-3-1): უგურჯან ჩაქირი - ზეკი ჯელიკი, მერიჰ დემირალი, აბდიულკერიმ ბარდაქჩი, ფერდი კადიოღლუ - ისმაილ იუკშეკი, ჰაქან ჩალჰანოღლუ - არდა გიულერი, იუნუშ აქგიუნი, ქენან ილდიზი - ქერემ აქთიურქოღლუ.
საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი - ქოჩორაშვილი, გაგნიძე, კიტეიშვილი - დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
სტადიონი, დრო და მსაჯი
გუნდები ქოჯაელში, Kocaeli Stadyumu-ზე ითამაშებენ. მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება და მას რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.