UFC-ის ორგზის ჩემპიონი როუზ ნამაიუნასი ოქტაგონზე დაბრუნების გეგმებში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
ამერიკელი მებრძოლი ბოლო სამი წელია უმსუბუქეს წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისკენ მიისწრაფვის, თუმცა მარცხების სერიამ მისი გეგმები შეაფერხა, ბოლო ბრძოლას კი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებიც მოჰყვა.
იანვარში, UFC 324-ზე, ნატალია სილვასთან მარცხის შემდეგ, თაგ როუზს თვალის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მეტოქის მხრიდან თვალში თითების მოხვედრის გამო, 34 წლის სპორტსმენს თვალში სპეციალური მილები სამი თვის განმავლობაში ჰქონდა ჩადგმული.
ნამაიუნასმა აღნიშნა, რომ ოქტაგონზე ჩხუბი კვლავ სურს, თუმცა ახალი მოტივაცია და მიზეზი სჭირდება, რადგან საჩემპიონო ბრძოლას ისევ დაშორდა. მისი თქმით, ბოლო სამი მარცხი სწორედ იმ შეხვედრებში განიცადა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ტიტულზე ბრძოლას პირდაპირ იღებდა. ახლა კი, როდესაც ოჯახურ გეგმებსა და მომავალზე ფიქრობს, ოქტაგონში შესასვლელად კონკრეტული მიზანი სჭირდება.
გულშემატკივრები ნამაიუნასის ძველ წონით კატეგორიაში დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა ყოფილი ჩემპიონი ჯერჯერობით მინიმალურ წონაში მესამე საჩემპიონო ქამარზე სანადიროდ გადასვლას არ აპირებს.