UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ მატჩში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდი დინამო მინსკს დინამო არენაზე ნომინალური სტუმრის სტატუსით დაუპირისპირდება.
საქმე ისაა, რომ ბელარუსული კლუბი, უეფა-სგან შეზღუდვის გამო, საშინაო მატჩებს საკუთარ ქალაქში ვერ ატარებს და ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის წინა ორივე რაუნდი ასეთ პირობებში გაიარა - ყაზახეთის ჩემპიონ ორდაბასსა და ბულგარეთის ჩემპიონ ლუდოგორეცს 2-2 შეხვედრა სტუმრად ეთამაშა.
დინამო თბილისი საქართველოს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც UEFA Youth League-ის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და შესარჩევის ფინალს ითამაშებს.
დავით გელაშვილის შეგირდებმა გათამაშებიდან ბოსნიის ჩემპიონი ჟრინსკი (1:1 და 3:0) და კვიპროსის ჩემპიონი აეკ ლარნაკა (4:3 და 2:0) გამოთიშეს.
ვხედავთ, რომ თბილისელებმა საკვალიფიკაციოს 4 მატჩის ჯამში 10 გოლი გაიტანეს, მინსკელებს კი აქამდე მოსასვლელად მხოლოდ 5 გოლი ეყოთ. ბელარუსებს ფიზიკურად ძლიერი და კარგად სტრუქტურირებული დაცვის მქონე გუნდი ჰყავთ.
დინამო მინსკსა და დინამო თბილისს შორის გასამართი დღევანდელი შეხვედრა 16:00 საათიდან დაიწყება. მასზე გულშემატკივარი არ დაიშვება, რადგან ნომინალური მასპინძელი ბელარუსული გუნდია.