სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სულ მალე სტარტს აიღებს უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშება. 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ალბანეთს ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი სექტემბრის მატჩებისთვის
აღნიშნული გათამაშება უეფას ერთა ლიგის შექმნის შემდეგ რიგით მეოთხე იქნება, რომლის ჯგუფური ეტაპიც 2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება, პლეიოფებს კი 2025 წლის მარტში ვიხილავთ.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებია, რომელმაც 2023 წელს ფინალში ხორვატია დაამარცხა.
ფორმატი
ეროვნული გუნდები 4 ლიგაში არიან განაწილებული - A, B და C ლიგებში 16-16 გუნდი ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი, D ლიგაში კი 6 გუნდი - ორ ჯგუფად. თითოეული გუნდი ყველა მეტოქეს სახლში და გასვლაზე დაუპირისპირდება.
A ლიგაში ჯგუფის გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები 1/4 ფინალში გავლენ, სადაც 2025 წლის მარტში ორმატჩიანი დაპირისპირებები შედგება, საუკეთესო ოთხეული კი ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.
B, C და D ლიგების ჯგუფების გამარჯვებულები ზედა ლიგაში დაწინაურდებიან, A და B ლიგების ჯგუფების ბოლოადგილოსნები კი ქვედა ლიგაში დაქვეითდებიან. C ლიგის ჯგუფების ბოლოადგილოსნებს შორის რეიტინგით ყველაზე ცუდი ორი გუნდი D ლიგაში პირდაპირ გავარდება.
დაწინაურება/დაქვეითების ამბავი ამით არ მთავრდება. A ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები B ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნებს შეხვდებიან, B ლიგის მესამეადგილოსნები - C ლიგის მეორეადგილოსნებს, C ლიგის მეოთხეადგილოსნებს შორის რეიტინგით საუკეთესო ორი გუნდი კი D ლიგის მეორეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. A/B და B/C ლიგების ორმატჩიანი დუელები 2025 წლის მარტში ჩატარდება, C/D ლიგების შეხვედრები კი - 2026 წლის მარტში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია
2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშება დაკავშირებული იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპთან. ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის (2025 მარტი - 2025 ნოემბერი) ჯგუფების გამარჯვებული 12 გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მუნდიალის საგზურს.
ამ ჯგუფების მეორეადგილოსნებს კი პლეიოფში ერთა ლიგის ის საუკეთესო 4 გუნდი დაემატება, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე ვერ მოხვდება. პლეიოფში (2026 წლის მარტი) 16 გუნდი 4 ბადედ დაიყოფა და 1/2 ფინალურ და ფინალურ თითო მატჩს ითამაშებენ, ბადეების გამარჯვებული 4 გუნდი კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ჯამში ევროპიდან მუნდიალზე 16 ქვეყნის ეროვნული გუნდი გავა.
როგორ უნდა მოხვდეს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე?
ა) გავიდეს ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილზე.
ბ) გავიდეს ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე და შემდეგ პლეიოფში მოიგოს 2 მატჩი
გ) მოხვდეს ერთა ლიგის იმ გუნდების საუკეთესო ოთხეულში, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთი ჯგუფის პირველ და მეორე ადგილებზე ვერ გავიდნენ და შემდეგ პლეიოფში მოიგოს 2 მატჩი.
ერთა ლიგის საბოლოო რეიტინგში საქართველოს B ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ან A/B ლიგის პლეიოფის მოგების შემთხვევაში მე-9-დან მე-16 ადგილის ჩათვლით პოზიციების დაკავება შეუძლია, თუმცა ეროვნულმა გუნდმა სწორება ჯგუფის მოგებაზე უნდა გააკეთოს, რათა გზა კიდევ უფრო არ დაიგრძელოს.
ლიგა A
ჯგუფი 1: ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა
ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი
ლიგა B
ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი
ლიგა C
ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
ჯგუგი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა
ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელარუსი
ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდილოეთ მაკედონია, ლატვია
ლიგა D
ჯგუფი 1: გიბრალტარი, სან-მარინო, ლიხტენშტეინი
ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები