დღეს, 14 აგვისტოს 2024 წლის უეფას სუპერ თასის ფარგლებში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მადრიდის რეალი ატალანტას დაუპირისპირდება.
რეალი რეკორდთან ახლოსაა. ლოს ბლანკოსი გამარჯვების შემთხვევაში პირველი გუნდი გახდება, რომელსაც 6 სუპერ თასი ექნება მოგებული. 5-5 ტიტული ბარსელონასა და მილანს აქვთ. ასევე კარლო ანჩელოტის აქვს შანსი კარიერაში მე-5 სუპერ თასი მოიგოს, რაც აქამდე არავის აქვს გაკეთებული.
დამატებით, დანი კარვახალს და ლუკა მოდრიჩს შეუძლიათ გახდნენ პირველი მოთამაშეები, რომლებიც სუპერ თასზე 5 გამარჯვებას მოიპოვებენ. მატჩი საინტერესო იქნება იმითაც, რომ დიდი ალბათობით მადრიდელთა შემადგენლობაში კილიან მბაპეს დებიუტი შედგება.
რეალს გზაზე კი ატალანტა გადაეღობება, რომელიც უეფას სუპერ თასზე პირველად ითამაშებს. ბერგამოელებმა ევროპა ლიგის ფინალში ბაიერ ლევერკუზენი დაამარცხეს 3-0. იტალიელები პოლონეთში ფავორიტები არ იქნებიან, თუმცა მათ სურპრიზის შემოთავაზება ნამდვილად შეუძლიათ.
"რეალი ფანტასტიკური გუნდია, თუმცა გვიხარია, რომ ფავორიტები არ ვართ. ასე იყო ლევერკუზენთანაც და შეიძლება ეს ჩვენთვის კარგი როლია." - განაცხადა ატალანტას კაპიტანმა მარტენ დე როონმა.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი - კურტუა; კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, მენდი; ვალვერდე, ჩუამენი, მოდრიჩი ბელინგემი; მბაპე, ვინისიუსი.
ატალანტა - მუსო; ჯიმსიტი, ჰიენი, კოლაშინაცი; ძაპაკოსტა, ედერსონი, დე როონი, რუჯერი; დე კეტელაერი, რეტეგი, ლუკმენი.
რა თქვეს მწვრთნელებმა?
ანჩელოტი: "როგორც ყოველთვის რთული მატჩი იქნება, რადგან სეზონის დასაწყისია. თუმცა ჩვენ თავდაჯერებით ვითამაშებთ. ატალანტა აქ ყოფნას იმსახურებს, რადგან მათ ევროპა ლიგაზე საოცრად იასპარეზეს და ისეთ გუნდებს აჯობეს, როგორიც ლივერპულია. ისინი თამაშებს მარტივად იგებდნენ, ფინალსაც კი. ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ იმედია თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენთ."
გასპერინი: "ეს საოცარი ამბავი იქნება ატალანტასთვის, ბერგამოსთვის და ჩვენი ისტორიისთვის. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბს ვეთამაშებით, გუნდს, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული. ასეთი ფინალის თამაშზე ფიქრი ასეთ მნიშვნელოვან კლუბთან ცოტა ხნის წინ ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. ამით ვამაყობთ. უდაოდ ეს ატალანტას ისტორიის უმაღლესი მწვერვალია."
სუპერ თასის ფინალი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, რომელიც ევრო 2012-სთვის აშენდა. სწორედ აქ ითამაშა პოლონეთმა ჯგუფის სამივე თამაში და აქ ჩატარდა 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური მატჩებიც. ამ სტადიონმა უმასპინძლა ევროპა ლიგის ფინალს 2015 წელსაც, იმ წელს უეფას სუპერ თასი თბილისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდნენ.
ეს მე-12 სტადიონი იქნება, რომელიც სუპერ თასს უმასპინძლებს მას შემდეგ, რაც ღონისძიებას მონაკოს სახით მუდმივი მასპინძელი აღარ ჰყავს: პრაღა (2013), კარდიფი (2014), თბილისი (2015), ტრონდჰეიმი (2016), სკოპიე (2017), ტალინი (2018), სტამბოლი (2019), ბუდაპეშტი (2020), ბელფასტი (2021), ჰელსინკი (2022) და პირეოსი (2023).
რეალისა და ატალანტას მატჩი 23:00-ზე დაიწყება.