UFC-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლის ერთ-ერთ მთავარ ტურნირს, UFC 334-ს, 14 ნოემბერს ნიუ-იორკის ლეგენდარული არენა მედისონ სქვერ გარდენი უმასპინძლებს. გულშემატკივრები უკვე აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რომელი ბრძოლა გახდება ღონისძიების მთავარი მოვლენა.
ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი ტომ ასპინალისა და სირილ განის რევანშია მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის გასაერთიანებლად. ასპინალმა თვალის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. ამასთან, შესაძლოა ოქტაგონზე შარლ ოლივეირაც ვიხილოთ, რომელიც BMF-ის ქამრის დასაცავად პედი პიმბლეტთან ან დიეგო ლოპესთან დაპირისპირებას გეგმავს.
UFC 334-ზე გამოჩენის სურვილი ისლამ მახაჩევმაც გამოთქვა, რომელმაც ქვესაშუალო წონის ქამარი ახლახან დაიცვა.
„რამადანამდე 100 პროცენტით უნდა ვიჩხუბო. ძმაო, იანვარში თუ წლის ბოლოს, აუცილებლად უნდა ვიბრძოლო... ოცდარაღაცა წლის აღარ ვარ, 34 წლის გავხდი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდე“, - განაცხადა მახაჩევმა.
მისი სავარაუდო მეტოქე კარლოს პრატესია, რომელმაც აღნიშნა, რომ საჩემპიონო შანსი პირადად აღუთქვეს.
გარდა ამისა, ნიუ-იორკულ შოუზე შესაძლოა ვიხილოთ კეილა ჰარისონისა და ამანდა ნუნესის დაპირისპირებაც, რომელიც ჰარისონის კისრის ოპერაციის გამო გადაიდო.
„დიახ, ის წელს აუცილებლად იბრძოლებს. წლის ბოლოსკენ მას ოქტაგონზე იხილავთ“, - დაადასტურა ჰარისონის მენეჯერმა.
ასევე განიხილება საშუალო წონის ახალი ჩემპიონის, შონ სტრიკლენდის პირველი ტიტულის დაცვა ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ.