დინამო არენაზე შექმნილმა განსაკუთრებულმა, მეგობრულმა ატმოსფერომ და გულშემატკივრების ურთიერთპატივისცემამ უკრაინელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებულ კავშირს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
მატჩზე სტუმრად მყოფი უკრაინელი კორესპონდენტი აღნიშნავს:
ქუჩების გადაკეტვის მიზეზი იყო ქართველი გულშემატკივრების მარში - ხმაურიანი, გამომწვევი, მაგრამ პროვოკაციების გარეშე. პოლიცია მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იმყოფებოდა. ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი და ლამაზი იყო.
ჟურნალისტის თქმით, ტრიბუნებზე აბსოლუტურად მშვიდი, ოჯახური ატმოსფერო სუფევდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გულშემატკივარს საქართველოს დროშა ეჭირა თუ უკრაინის.
განსაკუთრებით ემოციური გამოდგა ჰიმნების შესრულების მომენტი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის ჰიმნს ქართველი ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ, რასაც მოგვიანებით ქართველების მიერ შესრულებული საკუთარი ჰიმნი მოჰყვა. ჟურნალისტის თქმით, ულტრასების ორივე სექტორმა ცნობილი შეძახილები გააჟღერა რუსეთის პრეზიდენტზე. უკრაინელი ქომაგები სკანდირებდნენ
"საქართველოს!“, რაზეც საპასუხოდ „უკრაინა!“ ისმოდა.
ჟურნალისტმა განაცხადა:
უფრო ზუსტად, ფეხბურთელები თავდაუზოგავად თამაშობდნენ, ბოლომდე მიდიოდნენ ფეხსა თუ ბურთზე, გლეჯდნენ ბალახს, მაგრამ არცერთი მხარე ავლენდა უარყოფით ემოციას. აი, ეს იყო ფეხბურთი, მთელი თავისი მშვენებით. ყოველგვარი ზედმეტი რაღაცის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ერთა ლიგის საწყის ორ ტურში ერთი ქულა მოაგროვა, მომდევნო შეხვედრებს კი საქართველოს ნაკრები ოქტომბრის დასაწყისში, სტუმრად უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.