თბილისი არენაზე მიმდინარე ჯუდოს დიდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა მე-2 მედალი მოიპოვა.
21 წლის გიორგი ლოლაძემ, -73 კგ. წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, თურქ მუჰამედ დემირელს ულამაზესი იპონით მოუგო და თავისთვის სადებიუტო თბილისის დიდ სლემზე მე-3 ადგილი დაიკავა.
ლოლაძემ 1/2 ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, მათ შორის, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ, მსოფლიო ჩემპიონსა და ევროპის 4-გზის ჩემპიონ ჰიდაიატ ჰეიდაროვს ასევე იპონით აჯობა. 1/2 ფინალში კი ფინელ ვალტერი ოლინთან დამარცხდა.
გიორგი ლოლაძემდე, ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი 19 წლის თორნიკე გიგაურმა (-66 კგ.) მოუტანა - თავისთვის სადებიუტო საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოდნავ მოგვიანებით, კიდევ ერთი მედლის მოგების შანსი დიმიტრი გოჩილაიძეს ექნება - მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება.