უნიონ ბერლინის საფეხბურთო დირექტორმა დაგმო სექსისტური შეურაცხყოფა, რომელიც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, მარი-ლუიზ ეტას მისამართით გაჟღერდა. ეტა პირველი ქალი გახდა, რომელიც ევროპის ხუთი წამყვანი ლიგიდან ერთ-ერთში მამაკაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
კვირას, მისი დანიშვნის შემდეგ, 34 წლის სპეციალისტი სოციალურ ქსელებში სექსისტური კომენტარების მსხვერპლი გახდა.
ჰორსტ ჰელდტმა განაცხადა:
ეს უბრალოდ სამარცხვინოა. შევამჩნიე ეს ყველაფერი, მაგრამ უარს ვამბობ ამ სისულელეების წაკითხვაზე, რადგან ჩემთვის მთავარი ხარისხი და ლიდერული თვისებებია. ჩვენ 100%-ით ვენდობით მას. საოცარია, რომ დღევანდელ დროში ასეთ რამეებთან გამკლავება გვიწევს. ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი კომპეტენციის ლიდერზე და დარწმუნებულნი იყავით, რომ უნიონ ბერლინში ყველა - სტადიონზე თუ კლუბის შიგნით - ამ გადაწყვეტილების მხარს უჭერს.
მარი-ლუიზ ეტა, რომელიც წარსულში გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ზაფხულიდან უნიონ ბერლინის ქალთა გუნდს ჩაიბარებს. მანამდე, 2023 წლის ნოემბერში, ის ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ქალი ასისტენტი გახდა.