ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, საქართველოსთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩებისას, დიდი შანსია, კიდევ ერთი - რიგით მე-8 ფეხბურთელი გამოაკლდეს.
MARCA-ს ინფორმაციით, დანი ოლმომ დღეს გამართული სავარჯიშო სესია დროზე ადრე შეწყვიტა, რაც ფეხის უკანა კუნთის პრობლემას უკავშირდება. გამოცემის ვარაუდით, მისი საქართველოს წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.
ოლმო სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და საბოლოოდ გადაწყდება, შეძლებს თუ არა საქართველოსთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
დანი ოლმოს ესპანეთის ნაკრებში სულ 11 გოლი აქვს გატანილი - მათგან 3 საქართველოს კარში (2021 წლის მარტში; 2023 წლის სექტემბერში; 2024 წლის ივნისში - ევრო 2024-ზე).
თუკი ბარსას შემტევიც ვერ ითამაშებს, ის ესპანეთის ნაკრებისთვის რიგით მე-8 დანაკლისი იქნება - ლამინ იამალის, როდრის, ფაბიან რუისის, ნიკო უილიამსის, ფერმინ ლოპესის, დინ ჰაუსენისა და დანი კარვახალის შემდეგ.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ესპანეთთან, ყვითელი ბარათების გამო, ლუკა ლოჩოშვილი არ იქნება, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის შეკრებაზე არყოფნა ძველი ამბავია.
ესპანელები 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს ელჩეში უმასპინძლებენ, 14 რიცხვში კი ბულგარეთს ვალიადოლიდში დაუხვდებიან.