არსენ ვენგერის აზრით, ევროპა ლიგის მოგებით გუნდი ჩემპიონთა ლიგის საზგურს არ უნდა იღებდეს.
დიდი ალბათობით, ევროპა ლიგის ამ სეზონის ფინალში ერთმანეთს პრემიერ ლიგის მე-15 და მე-16 გუნდები, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. ერთმა თავის ნახევარფინალში ბილბაოს მოუგო (3:0), მეორემ კი ბოდო გლიმტს (3:1) და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ერთ-ერთი მათგანი ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას გაინაღდებს.
beIN Sports-ის სტუდიაში ვენგერს ჰკითხეს, სამართლიანია თუ არა, რომ ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს იღებს.
„არა. ისინი ავტომატურად უნდა ხვდებოდნენ ევროპა ლიგაზე, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგაზე. მითუმეტეს თუ საუბარი პრემიერ ლიგის გუნდებზეა, საიდანაც ისედაც საკმარისად ბევრი გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგაზე.
ვფიქრობ, უეფამ ამ წესს უნდა გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ იმისთვის, რომ ევროპა ლიგა კვლავ რჩებოდეს ასეთ საინტერესო, მამოტივირებელ და მნიშვნელოვან ტურნირად, მაშინ მისი მოგებისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურით დაჯილდოვება აუცილებელია." - აღნიშნა არსენალის ექს-მწვრთნელმა.