ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გახსნით მატჩში, ტორპედო ქუთაისმა მეშახტე იმერულ დერბიში მეშახტე ტყიბული 4:1 დაამარცხა, წაუგებელი სვლა გააგრძელა და მე-2 ადგილზეც აინაცვლა.
ქუთაისელთა სერბ ცენტრფორვარდ კომნენ ანდრიჩს ბენეფისი ჰქონდა - 3 გოლი თავად გაიტანა, მეოთხეში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ანდრიჩი მიმდინარე სეზონში მე-2 ფეხბურთელია, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად ეს იბერიას შემტევმა, ვახო ბედოშვილმა გააკეთა - მანაც მეშახტეს წინააღმდეგ.
არადა, შეხვედრაში ანგარიში ტყიბულელებმა გახსნეს - ლადო ჩიხრაძემ შეაგდო. ქუთაისელთაგან კიდევ ერთი გოლი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.
შედეგად, ანდრიჩი ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა (6 გოლით), არაბიძეს კი ყველაზე მეტი, 11 საგოლე მოქმედება აქვს - 4 გოლი, 7 ასისტი.
ტორპედომ დაუმარცხებელი სერია 10 თამაშამდე გააგრძელა (5-5 მოგება-ფრე), 23 ქულა მოაგროვა და ლიდერ იბერიას 1 ქულამდე მიუახლოვდა მინიმუმ იქამდე, სანამ გუგა ნერგაძის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ გაგრას უმასპინძლებს.
ქუთაისელები შემდეგ ტურში, 24 მაისს, დინამო თბილისს ესტუმრებიან, ხოლო მეშახტე, რომელსაც უკვე 12-მატჩიანი მოუგებელი სვლა აქვს (6 მოგება, 6 ფრე), სპაერს ესტუმრება - 25 მაისს.