VIDEO: დუბლი ლიდერთან - ყაზაიშვილმა ბომბარდირობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩინეთის სუპერ ლიგის 28-ე ტურში, ლიდერ შანხაი პორტთან შესრულებული დუბლით, ვაკო ყაზაიშვილმა, შესაძლოა, ამ სეზონის ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს, თავად კი ბომბარდირობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
საქმე ისაა, რომ ქართველმა პორტს უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა და თუკი კონკურენტი ჩენდუ რონჩენი მოიგებს, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლიდერობას გადაიბარებს.
ყაზაიშვილის შანდონ ტაიშანი აგებდა, 41-ე წუთზე ვაკომ ჯერ სწრაფი კონტრშეტევა დაასრულა გოლით, 77-ე წუთზე კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა - ჯარიმიდან მოწოდებული ბურთი მკერდით მიიღო, შემოტრიალებით ეგრევე შორეულ კუთხეში დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყაზაიშვილმა სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 24 გოლი მოაგროვა და უახლოეს მდევრებს 3-3 გოლით გაუსწრო, ჩემპიონატის ბოლომდე კი სათამაშო 2 ტური რჩება.
32 წლის ქართველს კარიერაში საუკეთესო და ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს - სუპერ ლიგის 28 მატჩში, 24 გოლთან ერთად, 5 ასისტი მიითვალა. აქამდე ყველაზე შედეგიანი სეზონი 2-ჯერ ჰქონდა - 2014-15 წლებში ვიტესის მაისურით და 2023 წელს კორეული ულსან ჰიუდაის რიგებში 11-11 გოლი შეაგდო.
შანდონ ტაიშანმა მე-5 ადგილი განიმტკიცა და 3 ქულით დაშორდა უახლოეს გუნდ ტიანძინ ძინმენ ტაიგერს, რომელსაც მომდევნო ტურში (1-ელ ნოემბერს) უმასპინძლებს. ბოლო ტურში ითამაშებენ ვუჰან თრი თაუნსთან, რომელიც დიდი ალბათობით, უმოტივაციო იქნება.