ერევანში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე, სტეპან სარგისიანის თასზე, 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა შეჯიბრებაზე დამაჯერებლად იასპარეზა და ოთხი შეხვედრა მოიგო.
ფინალამდე გზაზე მან ბელარუს, რუს და სომეხ მეტოქეებს აჯობა, ხოლო გადამწყვეტ, ფინალურ შეხვედრაში გასული წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონს, ბელარუს ვლადისლავ კაზლოუს დაუპირისპირდა და სრული უპირატესობით, ანგარიშით 10:0 დაამარცხა.
ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა უფროსებს შორის საერთაშორისო დონეზე სადებიუტო ოქროს მედალი მოიპოვა.