VIDEO: იშვიათობა კალათბურთში - მარკოიშვილის გუნდმა შენგელიას ბარსა 8 კაცით დაამარცხა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროლიგის 37-ე ტურში, მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ თორნიკე შენგელიას ბარსელონას უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო - 93:86. თოკომ 19:49 წუთი ითამაშა და ბარსას 6 ქულით, 5 მოხსნითა და 7 ასისტით დაეხმარა.
ორივე გუნდი პლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და თამაშამდე 20-20 მოგება ჰქონდათ, შესაბამისად, ურთიერთშეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა, მით უმეტეს, რომ ბოლოსწინა ტურის მატჩი იყო.
ასეთი მნიშვნელობის თამაშში მარკოიშვილს გუნდის განაცხადში მხოლოდ 8 კალათბურთელი ჰყავდა და ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი სწორედ ასეთი შეზღუდული რესურსით დაამარცხეს.
"მწვრთნელმა მარკოიშვილმა ყველაფერი ამოიღო იმ 8 კალათბურთელისგან, რომელიც მის განკარგულებაში იყვნენ - ყველა მათგანმა მინიმუმ 21 წუთი ითამაშა და 7-ის ეფექტიანობის ინდექსი 10-ს გადაცდა", - წერს ევროლიგის ოფიციალური საიტი ქართველ მწვრთნელზე.
მოკლე კომენტარი თავად მარკოიშვილმაც გააკეთა: "მენტალურად არ დავეცით. ვწვალობდით, ერთად ყოფნასა და პოზიტივის შენარჩუნებას ვაგრძელებდით".
მონაკომ 21-ე გამარჯვება მოიპოვა, რითაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა, კატალონიელებს კი ბოლო ტურის მატჩი შინ აქვთ უმოტივაციო ბაიერნთან და საგზურის განაღდებას მისი დამარცხებით შეეცდებიან - 17 აპრილს.