VIDEO: ორივე გუნდში მე-3 შედეგი - მამუს კარგი რიცხვები და მარცხი ნიუ იორკში
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილი, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილოსან ნიუ იორკ ნიქსთან გასვლით მატჩში, პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა ტორონტო რეპტორსმა 95:112 წააგო.
თამაშში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელები ნიუ იორკელთა ლიდერები, ჯეილენ ბრანსონი (29 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი) და კარლ-ენტონი თაუნსი (22 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი) იყვნენ, მათ შემდეგ კი საუკეთესო გახლდათ სანდრო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.
ქართველმა ცვლილებიდან, ჯამში 25:00 წუთი ითამაშა - 6-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა, 3 ასისტიც მიითვალა. ასევე, 1 ჩაჭრა და 4 დაკარგვაც ჰქონდა.
81 მატჩის შემდეგ, ტორონტოელებს 45 მოგება აქვთ და კონფერენციის მე-6 ადგილის, რომელიც პლეი-ინის გარეშე 1/8 ფინალში თამაშის საშუალებას იძლევა, განაღდების ამოცანა ბოლო შეხვედრისთვის გადადეს - გოგას ორლანდო მეჯიქმაც 45 გამარჯვება მოაგროვა.
მამუს რეპტორსი რეგულარულს ასრულებს, საშინაო მატჩით, კონფერენციის მე-13 ადგილოსან ბრუკლინ ნეტსთან, რომელიც დიდი ხანია კონკრეტული სატურნირო მოტივაციის გარეშეა - 13 აპრილის 02:00 საათზე.