VIDEO: მორიგი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - იბერიამ დერბი ბოლო წუთებზე მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის ლიდერმა, იბერია 1999-მა ისტორიაში მე-3 ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - დედაქალაქურ დერბიში დინამო თბილისი 1:0 დაამარცხეს.
მასპინძლებს უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდათ, თუმცა 81-ე წუთამდე გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ცვლილებაზე გამოსულმა ამირან ძაგანიამ გამარჯვებისა და 3 ქულის მომტანი გოლი შეაგდო.
24 წლის ძაგანიამ მიმდინარე ჩემპიონატში მე-5 გოლი ჩაიწერა ანგარიშზე და მათგან 4 ცვლილებაზე შესვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მან იბერიას კონკრეტულად დინამო თბილისთან ურთიერთშეხვედრა სეზონში მეორედ მოაგებინა - 20 მაისს, ერთადერთი გოლი ასევე ცვლილებიდან შესვლის შემდეგ მიითვალა.
ძაგანია წლევანდელ სეზონში იბერია 2-ის რიგებშიც თამაშობდა და ეროვნული ლიგა 2-ში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი აქვს. მან 2023-ისა და 2024 წლების სეზონები ვიტ ჯორჯიაში გაატარა და ეროვნულ ლიგა 2-ში ჯამურად 67 შეხვედრაში 35 გოლი და 6 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
გუგა ნერგაძის გუნდმა 74 ქულა მოაგროვა და კვლავ თანალიდერია გორის დილასთან ერთად, რომელმაც სამგურალს 2:1 მოუგო. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჩემპიონი იბერია ხდება - დილას 4-ვე ურთიერთშეხვედრა მოუგო (ჯამური ანგარიშით 10:1).
რაც შეეხება დინამო თბილისს, ამ მარცხისა და კონკურენტ ტორპედოს გამარჯვების შემდეგ, გუნდი მე-3 ადგილს 4 ქულით ჩამორჩა, თუმცა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ყველა ვარიანტში განაღდებული აქვს.
ბოლო ორ ტურში, იბერია გარეჯთან მიხეილ მესხი 2-ზე და გაგრასთან მიხეილ მესხზე ითამაშებს, დილა კი გავარდნილ კოლხეთს ესტუმრება და შემდეგ დინამო თბილისს თენგიზ ბურჯანაძეზე მიიღებს.