VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება სლოვაკეთში - ხორხელმა გამარჯვების მომტანი ასისტი გააკეთა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა ხორხელმა სლოვაკეთის NIKE LIGA-ს მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა. მისმა სპარტაკ ტრნავამ სტუმრად ბოლოადგილოსან კოშიცეს 2:1 მოუგო.
თავიდან ვთქვათ, რომ მიხალ შასნის გაშვების შემდეგ, ტრნაველებს დროებით ლივერპულის ყოფილი მცველი, მარტინ შკრტელი წვრთნის - კლუბის სპორტული დირექტორია და მთავარ გუნდს, როგორც ახლაა ცნობილი, დროებით უხელმძღვანელებს.
ქართველი შემტევი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. დარჩენილ დროში სპარტაკმა ჯერ პენალტი გააფუჭა, შემდეგი შეტევისას ანგარიში გაათანაბრეს, კულმინაცია კი 92-ე წუთზე დადგა.
ხორხელმა საჯარიმოში კარგად ითამაშა, მცველი ჩამოიტოვა და გააკეთა გამჭოლი პასი, რომელსაც ერიკ საბო გამოეხმაურა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
25 წლის ცაცია გარემარბი სლოვაკურ კლუბში სექტემბრის დასაწყისში, წყალტუბოს სამგურალიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში მე-8 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა შეცვლაზე) და პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
ლუკას წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 22 თამაშში 7 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა, გასულ სეზონში კი 30 შეხვედრა ჩაატარა და 17 საგოლე მოქმედება შეასრულა - 11 გოლი და 6 ასისტი.
აღვნიშნოთ ისიც, რომ არ უთამაშია ტრნაველთა კიდევ ერთ ქართველ გიორგი მოისწრაფიშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მამა პირველად გახდა.
14 მატჩის შემდეგ, სპარტაკ ტრნავამ 26 ქულა მოაგროვა, მე-4 ადგილზეა და ლიდერ ჟილინას, რომელშიც სანდრო ნარიმანიძე თამაშობს, 8 ქულით ჩამორჩება - ჟილინას 1 თამაშით მეტი აქვს გამართული.
მარტინ შკრტელის გუნდი მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, მე-7 ადგილოსან და 18-ქულიან კომარნოს უმასპინძლებს.