VIDEO: ქალთა შემაჯამებელი ტურნირის ფინალური წყვილი გაირკვა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქალთა შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრებში მე-3 სეტის ჩატარება საჭირო არ გამხდარა.
მირა ანდრეევამ და ელინა სვიტოლინამ მეტოქეები 2 სეტში დაამარცხეს და WTA Finals-ის ფინალში გავიდნენ.
ფინალში გასამართი დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის ნაცნობი იქნება, რადგან ანდრეევა და სვიტოლინა ტურნირის პირველივე შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მაშინ ანდრეევამ 6:4, 6:0 გაიმარჯვა. ახლა სვიტოლინას რევანშის აღების შესაძლებლობა ექნება, თანაც ამჯერად ტურნირის ჩემპიონის ტიტული გათამაშდება.
პირველ ნახევარფინალში ჯესიკა პეგულა მე-2 სეტში 3:1-ს იგებდა, თუმცა ანდრეევამ მომდევნო 6 გეიმიდან 5 მოიგო და შეხვედრა 2 სეტში, 6:3, 6:4 დაასრულა.
ანდრეევა ტურნირზე სადებიუტო გამოსვლისას ფინალში გავიდა და მთელი კვირის განმავლობაში ჯერ ერთი სეტიც არ წაუგია.
რაც შეეხება ელინა სვიტოლინას, უკრაინელ ჩოგბურთელს ნახევარფინალამდე მისასვლელად წინა 2 შეხვედრაში 3-3 სეტის ჩატარება დასჭირდა.
თუმცა ამჯერად სვიტოლინამ ლინდა ნოსკოვას წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა. პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 3-ჯერ მოიგო, ხოლო მე-2 სეტში სწრაფად დაწინაურდა 5:0 და საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 6:2, 6:1 დაასრულა.
სვიტოლინა სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე კარიერაში მესამედ ასპარეზობს და სამივე შემთხვევაში ფინალში გავიდა. მას შესაძლებლობა ექნება, ეს პრესტიჟული ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგოს.
ანდრეევასა და სვიტოლინას მატჩი დღეს 00:00 საათზე დაიწყება.