VIDEO: საოცარი მატჩი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთის წაუგებელი სერია დაასრულა
33 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურში ჯგუფში პირველი ადგილისთვის ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მადრიდში, სტადიონ მეტროპოლიტანოზე გამართული მატჩი ინგლისმა 3:2 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ჯგუფის მოსაგებად ტუხელის გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ესპანეთს კი პირველი ადგილის შენარჩუნებისთვის ფრეც ეყოფოდა.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი ჰარი კეინმა 45-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. თუმცა, მთავარი სანახაობა მეორე ნახევარში შედგა.
53-ე და 57-ე წუთებზე ინგლისმა ორი გოლი გაიტანა და წინ გამანადგურებელი სხვაობით გავიდა, თუმცა 63-ე წუთზე ელიოტ ანდერსონი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს მოედნიდან და პენალტი ამჯერად ესპანეთის სასარგებლოდ დაინიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა და ფურია როხა თამაშში დააბრუნა.
75-ე წუთზე ცვლილებაზე ახალმა შემოსულმა ნიკო უილიამსმა სხვაობა სულაც მინიმუმამდე დაიყვანა, რამაც მატჩში ინტრიგა საბოლოოდ დააბრუნა.
ბოლო 20 წუთი ესპანეთი ყველანაირად ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა გზად ინგლისური კედელი ხვდებოდა, ხან დაცვისა და ხან მეკარის, ჯეიმს ტრაფორდის სახით.
საბოლოოდ ინგლისმა საქმე ბოლომდე მიიყვანა, 15 ქულა დააგროვა და ესპანეთს ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ჯგუფი მოუგო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთა ლიგის 1/4 ფინალში ინგლისი პირველი ადგილით გავიდა და პირველ თამაშს მომდევნო მეტოქესთან სტუმრად გამართავს.
ესპანეთისთვის კი ბრწყინვალე 43-მატჩიანი წაუგებელი სერია დღეს ოფიციალურად დასრულდა.