VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტეფ კარიმ 31 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო გოლდენ სტეიტ უორიორსმა მატჩის საწყის ეტაპზე არსებული 25-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და NBA-ის თასის შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი 112:95 დაამარცხა.
ლუკა დონჩიჩმა 37 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა ლეიკერსმა გოლდენ სტეიტთან ზედიზედ მე-2 დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
გასულ კვირას, სეზონის გახსნით მატჩში, ლოს ანჯელესელებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე დიდი სხვაობით დაამარცხეს.
ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება NBA-ის ისტორიაში, შეტევისთვის დროის ლიმიტის შემოღების შემდეგ, იმ გუნდებს შორის, რომლებიც პირველი მეოთხედის დასრულებისას მინიმუმ 20 ქულით ჩამორჩებოდნენ.
აქამდე რეკორდი ასევე უორიორსს ეკუთვნოდა. 1976 წლის 4 მარტს გოლდენ სტეიტი ჩიკაგო ბულსთან პირველი მეოთხედის შემდეგ 18:41 მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ 124:110 გაიმარჯვა.
მე-4 მეოთხედში სტეფ კარიმ NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში დომინიკ უილკინსს (26 668 ქულა) გადაასწრო და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.
გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ბრენდინ პოძიემსკიმ 21 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მიითვალა. სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა დე'ენტონი მელტონმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ჟორჟ ნიანგმა გუნდს 11 ქულა შესძინა.
დონჩიჩმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო. სლოვენიელმა კალათბურთელმა პირველ მეოთხედში 21 ქულა ჩააგდო, 12 სროლიდან 7 გამოიყენა, მათ შორის 5 სამქულიანი, დააგროვა 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა. შედეგად, ლეიკერსმა პირველი მეოთხედი 38:15 მოიგო.
თუმცა მეორე მეოთხედში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უორიორსმა მეტოქეს ზუსტად იმავე ანგარიშით, 38:15 აჯობა და დიდ შესვენებაზე ანგარიში გაათანაბრა.
ამგვარად, „გოლდენ სტეიტი“ NBA-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პირველი მეოთხედი მინიმუმ 23-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა, თუმცა დიდ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ეს მიღწევა მოიცავს როგორც რეგულარული სეზონის, ისე პლეი-ოფის შეხვედრებს, შეტევისთვის დროის ლიმიტის შემოღების შემდეგ.
მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 22 წამით ადრე კარიმ დონჩიჩის წინააღმდეგ სამქულიანი ჩააგდო, თუმცა რამდენიმე წამში სლოვენიელმა მეტოქეს შორეული ტყორცნით უპასუხა.
მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 21.8 წამით ადრე დონჩიჩმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რასაც გულშემატკივრების მხრიდან შეძახილები და სტვენა მოჰყვა. მე-4 მეოთხედში ტექნიკური ჯარიმით მისი თანაგუნდელი მატის ტაიბულიც დაისაჯა.
ლეიკერსმა გოლდენ სტეიტის 17 დაკარგული ბურთით ისარგებლა და მეტოქის შეცდომების შედეგად 25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ უორიორსმა ბურთი 10-ჯერ მხოლოდ პირველ მეოთხედში დაკარგა.
19 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 4 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. მისი 4 ორქულიანიდან 2 ზუსტი იყო.
მატჩის მთავარი მომენტი კი სტეფ კარიმ შექმნა, რომელმაც მისი მოძრაობებით ლუკა დონჩიჩი წააქცია და შემდეგ 3-ქულიანი ჩააგდო.