დღეს სატრანსფერო ფანჯარა და სატრანსფერო სიახლეები ფეხბურთით დაინტერესებული პირებისთვის ფაბრიციო რომანოთი ასოცირდება.
ბევრისთვის, ფაბრიციოს დადასტურებული ტრანსფერი კლუბის ოფიციალურ განცხადებას უტოლდება. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ასეთ ფრაზასაც: "სანამ ფაბრიციო არ დაადასტურებს, არ მჯერა".
ალბათ გაინტერესებთ, ვინ არის რეალურად ფაბრიციო რომანო და როგორ მოიპოვა ასეთი პოპულარობა სოციალურ ქსელებში?
ფაბრიციო რომანო 1993 წლის 21 თებერვალს, იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაიბარა და ბიჭების უმეტესობის მსგავსად, ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. თუმცა, როცა მიხვდა, რომ რეალურად ეს შეუძლებელი იყო, კარიერა ჟურნალისტიკაში გააგრძელა.
ბავშვობაში ფაბრიციო უოტფორდის გულშემატკივარი იმის გამო გახდა, რომ ფიფასა და Football Manager-ში სულ ამ კლუბს ირჩევდა.
განათლება ფაბრიციომ მილანში, კათოლიკურ უნივერსიტეტში მიიღო და ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები სკოლაში სწავლის დროს - 2009 წელსვე გადადგა, როცა უფასოდ უგზავნიდა დეტალურ რეპორტებს პატარა იტალიურ გაზეთებს.
მისი პირველი დიდი გარღვევა გახდა მაურო იკარდის ტრანსფერი ბარსელონას ბ-დან სამპდორიაში 2011 წელს. მოგვიანებით, სწორედ იკარდიმ გაანდო მას საკუთარი გადასვლა ინტერში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამას სხვა ჟურნალისტები ამას გაიგებდნენ.
რომანომ კარიერა დაიწყო საკუთარი ბლოგით, რის შემდეგაც ის „Sky Sports Italy“-ში მიიწვიეს, სადაც დღესაც მუშაობს. ფაბრიციო მრავალენოვანია და იცის ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური და მშობლიური იტალიური. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში გაიზარდა, ამჟამად მილანში ცხოვრობს და მუშაობს „Sky Sports Italy“, „The Guardian“-სა და „CBS Sports“-შიც.
თავისი პოპულარობა ფაბრიციომ სანდოობითა და სისწრაფით მოიპოვა, მისი საკულტო ფრაზა Here We Go კი ბრენდად იქცა, რომელიც ტრანსფერის კლუბის მიერ ოფიციალურად დადასტურებას უტოლდება.
ყველაზე აქტიური თვეები ფაბრიციოს ზაფხულში აქვს, როცა სატრანსფერო ფანჯრის დროს, ივლისი-აგვისტოში ის დღეში 14 საათამდე სატელეფონო ზარებს პასუხობს და მუდმივ კავშირზეა ფეხბურთელებთან, აგენტებთან და სხვადასხვა გავლენიან ადამიანებთან.
საინტერესოა, რომ ასეთი ცნობილი სტატუსის მიუხედავად, რომანო ახერხებს და პირად ცხოვრებას მკაცრად გასაიდუმლოებულს ტოვებს - არავინ იცის, არის თუ არა ფაბრიციო დაქორწინებული, ან ჰყავს თუ არა შვილები და ა.შ.
გავლენა ჟურნალისტიკაზე
ფაბრიციო რომანოს გავლენა ჟურნალისტიკასა და მთლიანად ფეხბურთზე უდავოა. გულშემატკივრებისთვის თითქმის შეუძლებელია დაიჯერონ რაიმე ახალი ამბავი, თუ ის „Here we go“-თი არ იწყება და რომანოსგან არ მოდის.
გარდა ამისა, ფაბრიციომ შეცვალა ფეხბურთის ჟურნალისტიკის სტილიც - ახლა გაცილებით ნაკლები ყალბი ჭორი და კლიკბეითია და გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა სანდო და კარგად გადამოწმებულ ინფორმაციას.
იტალიელი გახდა პირველი ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი სახელი კომერციულ ბრენდად აქცია. დღეს მასთან თანამშრომლობენ EA< Opta, Sorare და სხვა დიდი კომპანიები.
Here We Go! ფაბრიციო რომანო საქართველოში ჩამოდის