მადრიდის რეალს ზაფხულში უმნიშვნელოვანესი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი - კლუბი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს ვინისიუს ჟუნიორი.
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კი სოციალურ ქსელებში საეჭვო აქტივობით ეჭვები კიდევ უფრო გააღვივა.
Defensa Central-ის ინფორმაციით, ვინისიუსმა ინსტაგრამზე პროფილის ფოტო გააშავა, ბიოგრაფიიდან რეალი წაშალა და კლუბთან დაკავშირებული ყველა პოსტი მთავარი გვერდიდან მოხსნა. მის ანგარიშზე მადრიდელებთან დაკავშირებული მხოლოდ დავიდ ალაბასა და დანი კარვახალის გამოსამშვიდობებელი პოსტებიღა დარჩა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის - ვინიმ მსგავსი რამ გასულ დეკემბერშიც გააკეთა, როცა სევილიასთან მატჩის შემდეგ ბერნაბეუს პუბლიკამ დაუსტვინა. თუმცა, ახლა სიტუაციას ხელშეკრულების გახანგრძლივება ართულებს. ბრაზილიელს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. ფლორენტინო პერესს მისი შენარჩუნება ძალიან უნდა, რადგან თუ ვინისიუსი ხელშეკრულებას არ განაახლებს, რეალი იძულებული გახდება ის წელსვე გაყიდოს, რათა მომავალ სეზონში ფასი არ დაეკარგოს. მისი წასვლის შემთხვევაში კი მადრიდელები გალაკტიკოსის დონის შემცვლელად მაიკლ ოლისეს განიხილავენ.